წუხელ, შუაღამემდე გარკვეული დროით ადრე, როდესაც გვირაბში ავტომობილები მოძრაობდნენ, გზაზე ზვავი ჩამოწვა.
როგორც ფეისბუკზე ჯგუფებში თვითმხილველები წერენ, გვირაბიდან ჩანდა, რომ გასასვლელში ზვავი ჩამოწვა.
დაძრული თოვლის მასა ჩანს ერთ-ერთ ვიდეოშიც. ჩანს, როგორ იფარება ერთ-ერთი ავტომობილი მასაში.
მოქალაქეებისა და გზების დეპარტამენტის ცნობით, არავინ დაშავებულა.
რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი თვითმხილველი ეუბნება, რომ 19 საათის შემდეგ მოახერხეს ადგილიდან დაძვრა.
დილის 9:30 საათისთვის ერთ-ერთი წერდა, რომ „უიმედოდ“ იყვნენ, რადგან ტექნიკა ვერ მიდიოდა, ხოლო ტრაქტორს, რომელიც მივიდა, საწვავი არ ჰქონდა.
გზების დეპარტამენტი იუწყება, რომ ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ30–კმ100 (ჯვარი–ლახამულა) და კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთებზე, - სადაც წუხელ გვიან საღამოს ზვავი ჩამოწვა, - ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
„როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მოქალაქეები, რომლებიც ზვავის გამო გვირაბში იყვნენ ჩარჩენილნი, ამ დროისთვის უსაფრთხოდ არიან გამოყვანილნი. ადგილზე მიმდინარეობს გზის თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები“, - წერს IPN-ი.
ამავე წყაროს ცნობით, გზის ერთი ზოლი თოვლისგან უკვე გაწმენდილია. „ზვავსაშიშროების რეჟიმი“ კვლავ ნარჩუნდება.