ხარკოვის მახლობლად მდებარე ეკოპარკზე რუსეთის ავიადარტყმის შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი, დაიღუპნენ ფრინველები, დაიჭრნენ ლომები, იტყობინება „სუსპილნე“ პარკის დამფუძნებელსა და ვერხოვნა რადის დეპუტატ ოლექსანდრ ფელდმანზე დაყრდნობით.
ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეჰუბმა განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად ტრავმა მიიღო 40 წლის ქალმა. ფელდმანმა დააზუსტა, რომ ქალი მოხალისედ მუშაობდა პარკში. ის საავადმყოფოში მოათავსეს.
„მთლიანად დანგრეულია მტაცებელი ცხოველებისა და ფრინველების ზამთრის საცხოვრებლები. ლომები დაიჭრნნენ, არ გვესმის, რა სჭირთ ვეფხვებს. ერთი სამსართულიან შენობაში შევარდა, კიდევ ერთი ნახევრად გახსნილ ვოლიერში ზის. ქოხში დაიმალა, ჯერჯერობით ზის. სედატიურ თოფს ველოდებით. ჩვენი ყველა სედატიური საშუალება იყო შენობაში, რომელსაც ბომბი მოხვდა. ფრინველებიდან ყველა თუ არა, უმრავლესობა დაიღუპა,“ იტყობინება პარკის დამაარსებელი.
ეკოპარკის ხელმძღვანელი ივან დოსტოვი გამოცემას მოუყვა, რომ დანგრეულია სამი ნაგებობა: ზამთრის შენობა, რომელშიც ფრინველები იმყოფებოდნენ, მტაცებელი ცხოველების შენობა და ერთი ახალი ცარიელი შენობა.
„ვეფხვები ნორმალურად არიან. არსებობს შეკითხვები ლომების მდგომარეობის თაობაზე, მათ ვეტერინარები სინჯავენ. მხეცები დამფრთხალი არიან. დაიღუპნენ ფრინველები, ჯერჯერობით უცნობია მათი რაოდენობა, დავითვლით. იქ ძალიან ბევრი ფრინველია. ამ ფრთაში იყვნენ დეკორაციული ქათმები, ხოხბები, ციცრები,“ დასძინა მან.
„სუსპილნე“ აღნიშნავს, რომ ცხოველთა დამცველების მხრიდან კრიტიკა ისმოდა იმის გამო, რომ არ იყო ცხოველთა შენახვის ნებართვა, ასევე იმის თაობაზე, რომ ისინი ფრონტის ხაზთან ახლოს დატოვეს.
ეკოპარკიდან ფრონტამდე მანძილი დაახლოებით 20 კილომეტრია.
2022 წელს მხეცებისთვის საკვების მიცემის მცდელობისას დაიღუპა ოთხი თანამშრომელი და ერთი არასრულწლოვანი მოხალისე, 2024 წელს კი პარკზე დრონის თავდასხმა განხორციელდა. მაშინ ორი თანამშრომელი დაშავდა.
2025 წლის სექტემბერში პარკის ტერიტორიაზე ოპტიკურბოჭკოვანმა დრონებმა დაიწყეს ფრენა.
ასევე ნახეთ იყო თუ არა უკრაინული დრონების იერიში ვალდაიში?