ჯაღმაიძის თქმით, აქციებისას დაკავებულთა გათავისუფლების საკითხი სამჯერ დააყენეს

„ორჯერ მე თავად მქონდა საუბარი ამის შესახებ ხელისუფლებასთან. ერთხელ მეუფე შიომ უშუალოდ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი“, - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ აქციებისას დაკავებულთა ნაწილის გათავისუფლების შუამდგომლობით საპატრიარქომ სამჯერ მიმართა ხელისუფლებას, მათ შორის მზია ამაღლობელის შესახებ.

„პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ მსუბუქი დანაშაული ვისაც შეიძლება, რომ ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 31 დეკემბერს, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დილის ეთერში.

„ორჯერ მე თავად მქონდა საუბარი ამის შესახებ ხელისუფლებასთან. ერთხელ მეუფე შიომ [საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირმა] უშუალოდ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი“, - დასძინა მან.

თუმცა, მისი თქმით, „არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა“.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საპატრიარქოს წარმომადგენლები ამას საჯაროდ ამბობენ. „ჩვენ, ახლა, ამას არ ვაფიშირებთ და არ გვინდა, რომ ნებისმიერი ჩვენი აქტივობა რომელიმე პოლიტიკურ პოლუსზე აღმოჩნდეს ვიღაცის მიერ“, - განმარტა ჯაღმაიძემ.

ამ საკითხზე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა გადაცემის წამყვანის კითხვაზე პასუხად ქაშვეთის ტაძარში სასულიერო პირების როლთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვსაყვედურობენ ხოლმე, თითქოს საპატრიარქო ჩამორჩა პროტესტის მხარეს მდგარ ხალხს. რამდენიმე სასულიერო პირმა ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ წარმოეჩინათ, თითქოს საპატრიარქო დაპირისპირებულია მათთან“, - განაცხადა მან.

მან ასევე თქვა, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის დემონსტრაციებისას, ყოველ ღამე „ჩვენი სამსახურის მამები მორიგეობით იყვნენ ქაშუეთში და ამ ადამიანებს უქმნიდნენ ერთგვარ ზღუდეს“.

„ბევრი კადრებია, მღვდლები თავად აწვეთებენ თვალში [ფიზიოლოგიურ ხსნარს], აწვდიან წყალს, ტაძარში იფარებენ. ეზოში პირდაპირ ასე ჯაჭვად იდგნენ მამები და, რა თქმა უნდა, ამას ითვალისწინებდა მერე სპეცრაზმიც და იქ არ შედიოდნენ“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ „დავაი, გარეთ!“ - დემონსტრანტების დევნა ეკლესიაში, აფთიაქსა თუ მაღაზიაში
  • 2023-24 წლების პრო-ევროპული აქციებისას დაპატიმრებული დემონსტრანტების ნაწილს სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვს;
  • გასული წლის ნოემბრიდან დღემდე სხვადასხვა მუხლით 60-მდე აქტივისტია გასამართლებული. გაამართლეს მხოლოდ სამი: ნიკა კაცია, თედო აბრამოვი, გიორგი ახობაძე. სამივეს ნარკოდანაშაულს ედავებოდნენ.
  • მსჯავრდებულებს შორისაა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელსაც პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას პატიმრობაში ყოფნისას გადასცეს სახაროვის პრემია და სხვა არაერთი ჯილდო.
  • არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
  • დაკავებიდან ერთი წლის თავზე, სახელმწიფო ვალდებულია მათი ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს, - ეს შეწყალება არ არის.

პენიტენციური კოდექსი პატიმრებს ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების რამდენიმე შესაძლებლობას აძლევს, მათ შორისაა:

  • პირობით ვადამდე გათავისუფლება;
  • სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახით შეცვლა;
  • ამნისტია ან შეწყალება;
  • ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო [იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელიც პატიმრის გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს, ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს].

პირობით ვადამდე გათავისუფლებას ხშირად „უდოს“ ეძახიან.

რაც შეეხება შეწყალებას, ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. მას შეუძლია შეიწყალოს ნებისმიერი პატიმარი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

დემონსტრანტების შემთხვევაში მიხეილ ყაველაშვილს მკაფიო კრიტერიუმი აქვს - პატიმრების მხრიდან „შეცდომების აღიარება“, „მონანიება“.

საახალწლოდ დემონსტრანტებისგან არავინ გაუთავისუფლებიათ.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 22 დეკემბერს „რუსთავი 2-ის“ ეთერში კითხვაზე, ხომ არ გეგმავს ხელისუფლება დაკავებული დემონსტრანტების შეწყალებას ან ამნისტიას, უარყოფითი პასუხი გასცა:

„იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს პრევენციული ეფექტი, რომ მომავალში აღარავის გაუჩნდეს ასეთი დანაშაულის ცდუნება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ სასჯელი იყოს სათანადოდ მოხდილი“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ ვადამდე გათავისუფლება - რას ითხოვს სანაცვლოდ სახელმწიფო დემონსტრანტებისგან?