ტრამპი: ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ ძალაუფლების უსაფრთხო გადაცემა იქნება შესაძლებელი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი. 2026 წლის 3 იანვარი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 3 იანვარს პრესკონფერენცია გამართა აშშ-ის ძალების მიერ ვენესუელაზე მიტანილი იერიშის თაობაზე, რომლის დროსაც აშშ-ის ძალებმა დააკავეს და წაიყვანეს ვენესუელის ლიდერი, ნიკოლას მადურო, მის ცოლთან, სილია ფლორესთან ერთად.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს მანამ, სანამ ძალაუფლების "უსაფრთხო, რიგიანი და კეთილგონიერი" გადაცემა გახდება შესაძლებელი.

ტრამპის თქმით, მადუროს დაპატიმრების შემდეგ აშშ ვენესუელაში მიავლენს აშშ-ის მსხვილ ნავთობკომპანიებს. ამასთან ამ ეტაპზე ძალაში რჩება ემბარგო ვენესუელის ნავთობზე.

დონალდ ტრამპმა ვენესუელაზე განხორციელებულ დარტყმას უწოდა "ამერიკის სამხედრო ძალისა და კომპეტენციის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, ეფექტიანი და მძლავრი დემონსტრირება". მისი თქმით, ოპერაციისას გამოყენებული იყო საჰაერო სივრცე, ხმელეთი და ზღვა და არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაღუპულა.

ასევე ნახეთ ტრამპი: მადუროს ნიუ-იორკში ჩაიყვანენ

"ისინი გველოდნენ - იცოდნენ, რომ მივიდოდით", - განაცხადა ტრამპმა.

ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის ძალები მზად იყვნენ მეორე, უფრო მასშტაბური დარტყმისთვის ვენესუელაზე, მაგრამ ეს საჭირო არ აღმოჩნდა.

პრესკონფერენციამდე ტრამპმა გამოაქვეყნა აშშ-ის სამხედრო ხომალდზე მყოფი მადუროს ფოტო. მას ხელბორკილები ადევს.

მადუროს და მის ცოლს ნიუ-იორკში წაუყენებენ ბრალდებებს. მათ ბრალად ედებათ ნარკოტიკების ტრეფიკინგთან დაკავშირებული დანაშაულები - წერს აშშ-ის გენერალური პროკურორი პემ ბონდი პლატფორმაზე X.

კონკრეტულად, მადუროს ადანაშაულებენ "ნარკოტერორიზმის შეთქმულებაში" და "კოკაინის იმპორტირების შეთქმულებაში". მას ასევე ბრალად ედება ავტომატური იარაღის და ასაფეთქებელი საშუალებების ფლობა.

ასევე ნახეთ რუსეთის საგარეო უწყება ვენესუელის შესახებ განმარტებებს ითხოვს