Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო უწყება ვენესუელის შესახებ განმარტებებს ითხოვს


რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ს ვენესუელის შესახებ განმარტებებისკენ მოუწოდებს.
რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ს ვენესუელის შესახებ განმარტებებისკენ მოუწოდებს.

რუსეთი ითხოვს განმარტებებს ვენესუელის პრეზიდენტისა და მისი ცოლის დაკავებისა და ქვეყნიდან გაყვანის შესახებ - რაც, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებით, აშშ-ის სამართალდამცველი ორგანოების ჩართულობით მოხდა.

"უკიდურესად შეგვაშფოთა ცნობებმა იმის შესახებ, რომ ვენესუელის პრეზიდენტი, ცოლთან ერთად, ძალდატანებით გაიყვანეს ქვეყნიდან, შეერთებული შტატების დღევანდელი აგრესიული ქმედებების დროს.

მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ განმარტოთ ეს სიტუაცია. ასეთი ქმედებები, თუკი რეალურად მოხდა, წარმოადგენს მიუღებელ ხელყოფას დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა, რომლის პატივისცემაც საერთაშორისო სამართლის უმთავრესი პრინციპია”, - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაში, რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ - 2026 წლის 3 იანვარს, დილით, აშშ-მა “შეიარაღებული აგრესიის აქტი” ჩაიდინა და რომ “იდეოლოგიურმა მტრობამ უპირატესობა მოიპოვა საქმიან პრაგმატიზმზე” და “მზადყოფნაზე - განვითარებულიყო ნდობასა და წინასწარ განჭვრეტაზე დამყარებული ურთიერთობები”.

აქვე რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ვითარება არ უნდა გართულდეს და პარტნიორებს შორის პრობლემები დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას. ამ პირველ განცხადებაში არაფერია ნათქვამი თავად მადუროსა და მისი ცოლის ქვეყნიდან გაყვანის შესახებ - რაც, სავარაუდოდ, მოსკოვისთვის ამ დროს ცნობილი არ იყო.

რუსეთმა ვენესუელის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას დაუჭირა მხარი.

3 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ ვენესუელის ლიდერი, ნიკოლას მადურო, თავის ცოლთან ერთად გაიყვანეს ქვეყნიდან.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით მიიტანეს ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მის ლიდერზე, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე, რომელიც თავის ცოლთან ერთად იქნა დაკავებული და თვითმფრინავით გაყვანილი ქვეყნიდან. ეს ოპერაცია განხორციელდა აშშ-ის სამართალდამცველი ორგანოების ჩართულობით“, - წერია დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში მითითებულია ასევე, რომ დეტალები გასაჯაროვდება 11:00 საათზე [თბილისის დროით 20:00 საათი], მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე.

CBS News-ი, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ მადუროს დაკავებაში მონაწილეობდნენ ამერიკელი სამხედროები, სპეცდანიშნულების ელიტურ დანაყოფ - Delta-ს ჩართულობით.

მანამდე, 3 იანვარს, დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია ვენესუელის ტერიტორიაზე მიტანილი სამხედრო იერიშის შესახებ, რაშიც ნიკოლას მადურო აშშ-ს სდებდა ბრალს.

ვენესუელაში აფეთქებების შესახებ თავდაპირველად მხოლოდ ადგილობრივი წყაროები და საერთაშორისო მედია იტყობინებოდა.

CBS News-ი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ვენესუელაზე იერიშის მიტანის ნებართვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.

„ვენესუელა გმობს და აცხადებს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე - უკიდურესად სერიოზული სამხედრო აგრესიის შესახებ, აშშ-ის ამჟამინდელი მთავრობის მხრიდან ვენესუელის ტერიტორიის წინააღმდეგ”, - ნათქვამია ვენესუელის მთავრობის მიერ 3 იანვარს დილით გავრცელებულ განცხადებაში, ვიდრე ცნობილი გახდებოდა მადუროსა და მისი ცოლის ქვეყნიდან გაყვანის ამბავი.

მადუროს მიერ ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG