თოვლის მოსვლით გამოწვეული „რთული მეტეოროლოგიური პირობების და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის“ მიზეზით, 3 იანვარს საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეისები შეჩერდა. ერთადერთი რეისი, რომელიც ამ დროის განმავლობაში მუშაობდა, იყო თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან თბილისისკენ მოძრავი შემადგენლობები.
„გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, - კიდევ ერთხელ განაცხადეს რკინიგზაში დღეს, 5 იანვარს.
ამ განცხადებას სოციალურ ქსელში მგზავრები პასუხობენ:
- „რა ოპერატიულები ხართ, აი რას ნიშნავს მოდერნიზებული რკინიგზა“;
- „ნუ შლით კომენტარებს“;
- „როგორი დროული ინფორმაცია იყო!.. თქვენ თუ ასე მუშაობთ, ყოჩაღ!.. დღევანდელი მატარებლის ბილეთი მქონდა, თურმე, რეისი გაუქმებულია და ამის შესახებ არავინ მომაწოდა ინფორმაცია. უპასუხისმგებლოებო!..“
- „ანუ ხალხი სადგურებზე უნდა მიიყვანოთ და მერე უთხრათ ეს ინფორმაცია, ფარ**კებო?“
უამინდობის მიზეზით თბილისიდან ფოთისკენ მიმავალი მატარებელი შეფერხებით მოძრაობდა რამდენიმე დღით ადრე, 30 დეკემბერსაც.
„კანტორა ხართ, მეტი არაფერი. საერთოდ უნდა გაუქმდეს თქვენი კომპანია. დღეს მოვდიოდი სენაკიდან. 8 საათზე ჩამოვედი სადგურში და მეუბნებიან, რეისი გაუქმდაო. არც მესიჯი, არც მეილი. ოპერატორი მეუბნება ჩვენი გვერდი შეგემოწმებინაო“, - დაწერა ერთ-ერთმა მგზავრმა "საქართველოს რკინიგზის" ერთ-ერთ ფეისბუკპოსტზე.
"საქართველოს რკინიგზამ" „საუკუნის პროექტის“, რომლითაც უღელტეხილის მონაკვეთზე ახალი ინფრასტრუქტურა მოაწყო, პრეზენტაცია 24 დეკემბერს გამართა. პროექტის ღირებულება დაახლოებით ერთი მილიარდი ლარია. ღონისძიებას უმაღლესი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.