აშშ-ში პროტესტი მოჰყვა საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლის მიერ ქალის მკვლელობას

საიმიგრაციო სამსახურის ქმედებების წინააღმდეგ 7 იანვარს საპროტესტო აქცია გაიმართა ნიუ-იორკშიც

ამერიკის მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის(ICE) თანამშრომელმა მოკლა 37 წლის ქალი, შეერთებული შტატების მოქალაქე რენე ნიკოლ გუდი.

ამერიკული მედიის ცნობით, ინციდენტი 7 იანვარს მოხდა აქციის დროს, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებდნენ ამ სამსახურის ქმედებებს საიმიგრაციო კანონმდებლობის დასაცავად ტრამპის ადმინისტრაციის გამკაცრებული პოლიტიკის ფარგლებში.

საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელმა ესროლა ავტომობილს, რომელშიც რენე ნიკოლ გუდი იმყოფებოდა. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ, რომელსაც საიმიგრაციო სამსახური ექვემდებარება, განაცხადა, რომ თანამშრომელი თავდაცვის მიზნით მოქმედებდა, რადგან ქალმა ავტომობილით დაჯახება სცადა.

შიდა უსაფრთხოების სამინისტროს შეფასებით, ეს ქმედება იყო „შიდა ტერორიზმის აქტი“.

მინისტრმა კრისტი ნოემმა, რომელიც მინეაპოლისში ჩავიდა, განაცხადა, რომ მძღოლმა საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებს გზა გადაუკეტა და შემდეგ ერთთან შეჯახება სცადა.

სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენელი მიდის შუა გზაზე გაჩერებულ ავტომობილთან, მძღოლის გადმოსვლას მოითხოვს და თავად ცდილობს კარის გაღებას, რა დროსაც ავტომანქანა მოძრაობას იწყებს, მის წინ მდგომი კიდევ ერთი თანამშრომელი კი სამჯერ გაისვრის. ამის შემდეგ ავტომობილი ეჯახება ახლოს გაჩერებულ ავტომანქანებს.

ავტომანქანა, რომელშიც რენე ნიკოლ გუდი იმყოფებოდა

შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ვერსია თავდაცვის შესახებ მწვავედ გააკრიტიკა მინეაპოლისის მერმა ჯეიკობ ფრეიმ და მოითხოვა, რომ საიმიგრაციო სამსახურის ოფიცრებმა ქალაქი დატოვონ, რადგან ისინი ქაოსს თესავენ და ხალხს კლავენ.

მინესოტის შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა ტიმ უოლზმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკა შიშის ატმოსფეროს შექმნისკენაა მიმართული. გუბერნატორმა ინციდენტზე ფედერალური მთავრობის რეაქციას პროპაგანდა უწოდა და პირობა დადო, რომ შტატი სრულ, სამართლიან და ოპერატიულ გამოძიებას უზრუნველყოფს.

7 იანვარს მინეაპოლისში გაიმართა ხალხმრავალი საპროტესტო აქცია. დემონსტრანტები მოითხოვდნენ, რომ საიმიგრაციო სამსახურმა ქალაქი დატოვოს. საპროტესტო გამოსვლები იყო სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ნიუ-იორკში, ატლანტაში, ოსტინსა და დალასში.

მინეაპოლისში ბევრი სომალელი იმიგრანტი ცხოვრობს. 7 იანვარს მომხდარ მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ განაცხადა, რომ სოციალური შემწეობებით თაღლითობის ფაქტების გამო ტარდება მასშტაბური ოპერაცია საიმიგრაციო სამსახურის 2000 თანამშრომლის მონაწილეობით და უკვე დაკავებულია 1500-მდე პირი.

ასევე ნახეთ ტრამპმა ეროვნული გვარდია გაგზავნა ლოს-ანჯელესში მიგრანტებთან დაკავშირებული გამოსვლების გამო

აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპმა მკვეთრად გაამკაცრა საიმიგრაციო პოლიტიკა. 2025 წლის ივნისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის რეიდებმა ლოს-ანჯელესში გამოიწვია მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც არეულობაში გადაიზარდა. ტრამპმა ქალაქში ჯერ ეროვნული გვარდია, შემდეგ კი საზღვაო ქვეითებიც გაგზავნა.

აშშ-ში არალეგალურად მყოფი მიგრანტების გაძევება და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო.

თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნების შემდეგ დეპორტაციას დაექვემდებარა ათასობით მიგრანტი, მათ შორის ადამიანის ღირსების შემლახავი მეთოდებით.

ასევე ნახეთ დალასში შეიარაღებული თავდასხმა იყო საიმიგრაციო სამსახურის ოფისზე