უკრაინაში მიმდინარე ომი ხანგრძლივობით გაუტოლდა ე.წ. „დიდ სამამულო ომს“

კიევი რუსული დრონების მორიგი იერიშის შემდეგ..2026 წლის 9 იანვარი

11 იანვარს უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, თავისი ხანგრძლივობით - 1418 დღე - გაუტოლდა ე.წ. „დიდ სამამულო ომს“, რომელიც საბჭოთა ისტორიოგრაფიის მიხედვით, 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო და 1945 წლის 9 მაისამდე გაგრძელდა.

ტერმინი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ (რუს. СВО) პირველად გამოიყენა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის 24 თებერვალს წარმოთქმულ სიტყვაში და ის დღემდე მიიჩნევა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ოფიციალურად მიღებულ სახელწოდებად რუსეთში.

11 იანვრის გამთენიისას რუსეთმა უკრაინას შეუტია 154 მოიერიშე დრონით, რომელთაგან 125 ჩამოაგდეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. დაფიქსირდა 22 აფეთქება 18 ადგილზე.

რუსულმა დრონებმა დაბომბეს ხარკოვი. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, სლობიდის რაიონში დრონმა მწყობრიდან გამოიყვანა ინფრასტრუქტურული ობიექტი - გაჩნდა ხანძარი. გამთენიისას ამავე ტერიტორიაზე კიდევ ერთი იერიში განხორციელდა. უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, რეგიონში სულ რვა ადამიანი დაშავდა.

რუსეთის დრონების იერიშის გამო ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქის ნაწილში რამდენიმე საათით სრულად გაითიშა ელექტროენერგიის მიწოდება. ზაპოროჟიეს სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის თქმით, საჰაერო იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ჟიტომირის ოლქში რუსულმა დრონებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს შეუტიეს. სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელის, ვიტალი ბუნეჩკოს თქმით, ორი ადამიანი დაშავდა. გაჩნდა ხანძრის რამდენიმე კერა, რომელთა ჩაქრობას განმეორებითი საჰაერო იერიშები ართულებდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ენერგეტიკოსები და სარემონტო ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რათა აღადგინონ ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგება მოსახლეობისთვის.

„ამ კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 100-მდე თავდასხმის დრონი, 890-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა - ბალისტიკური, ფრთოსანი და „ორეშნიკის“ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტაც კი. მათ დაარტყეს სამიზნეებს, რომლებსაც არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვთ - ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ შენობებს. ისინი მიზანმიმართულად ელოდნენ ყინვას, რათა ჩვენი ხალხისთვის სიტუაცია გაეუარესებინათ. ეს არის მიზანმიმართული, ცინიკური რუსული ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამჟამად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის შიდა მდგრადობა და თავდაცვის გაძლიერებისკენ მიმართული მუშაობა. ზელენსკის განცხადებით, საჭიროა სტაბილური მხარდაჭერა უკრაინისთვის, მისი თავდაცვისთვის და კოორდინირებული დიპლომატია მშვიდობისთვის.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიჰას თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაზე ბოლო დროს განხორციელებულ დარტყმებთან (მათ შორის ახალი ბალისტიკური რაკეტის „ორეშნიკის“ გამოყენებასთან) დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭო 11 იანვარს შეიკრიბება.

ასევე ნახეთ

„რუსები არ არიან „უძლეველი ტიტანები“ - როგორ უნდა შეძლოს „უფრო ევროპულმა“ ნატომ პუტინის შეკავება?“მტერი უნდა გამოფიტო, თუნდაც ალყაში იყო მოქცეული” - უკრაინული არმიის ბრიტანელი ვეტერანი შონ პინერი“ეს იქნება ძალიან, ძალიან რთული პერიოდი” - ნილ ჰაუერი. უკრაინის ფრონტის რეალობაქარვაში გაჭედილი მწერები - ინტერვიუ ომის ყოფილ ტყვესთან, მაქსიმ ბუტკევიჩთანვიქტორ იუშჩენკო: პუტინის ძალა ჩვენს სისუსტეშია - უკრაინისთვის იარაღი გადამწყვეტია“შიში მუშაობს... რუსი თავს მაშინ გრძნობს უსაფრთხოდ, როცა სხვებს ეშინიათ” - პროფესორი მაიკლ კლარკი“ვინც გაიძახის, რომ უკრაინა ომს წააგებს, უკრაინა განწირულია - ცდება” - ოლექსანდრ ხარა