აფხაზთა და ქართველთა უახლოესი ისტორია

ავტორი: მიშო სორდია


თავი პირველი

"შიშ ნანი"

იმ დილით "ბროლის თბილისის" თავზე ჰიგიენის სისტემა გასკდა და ცამ საპნის წვიმა დაიწყო. ზემოთ, 110-ე სართულზე, სადაც ჰაერი იმდენად სუფთაა, რომ სუნთქვისას ფილტვები ბროლივით წკრიალებს, მდიდრები თავიანთ "იდეალურ პერსონებს" ირგებდნენ. მათ სახეები აღარ ჰქონდათ — მხოლოდ თხელი, ოქროსფერი ეკრანები, რომლებზეც მათი განწყობის შესაბამისი, წინასწარ დაპროგრამებული ღიმილი ციმციმებდა.

​"ძვირფასო, დღეს 'სევდიანი არისტოკრატის' ფილტრი ჩაირთე, პიტნის წვიმას უხდება," — გადასძახა ერთმა ოქროსფერმა ნიღაბმა მეორეს და ჟანგბადის კოქტეილი მოსვა, რომელიც დავიწყებული ბავშვობის გემოთი იყო გაჯერებული.

​ხოლო ქვემოთ, სადაც ეს პიტნისფერი ლორწო ნაგვის გორებს შორის მლანძღავ მდინარეებად მიედინებოდა, ლუკა თავის ქოხში შევარდა. მას ხელში ძველი, გახვრეტილი რეზინის ჩექმა ეჭირა, რომელიც პიტნის არომატით გაჯერებული საპნით აევსო.

​"ბებო! ნახე, ზემოდან ისევ 'სურნელოვანი ნაგავი' გადმოისხა! დღეს მამას სუფთად დავბანთ!"

​მართა ბებო კუთხეში იჯდა. მისი ზურგი ძველი რადიატორებისგან აწყობილ სავარძელს მიჰკვროდა. ის აკეთებდა იმას, რასაც ყველა ღარიბი ამ ზონაში — "მეხსიერების ჩხირებს" ღეჭავდა. ეს იყო მდიდრების მიერ გადაგდებული, ნახმარი ჩიპები, რომლებშიც კიდევ რჩებოდა ძველი ფოტოების ან მუსიკის ნამსხვრევები. ბებო მათ ღეჭავდა, რათა ნერწყვით გაეწმინდა და მერე ლუკასთვის "ზღაპრებად" გადაექცია.

​"ნაგავი შენ ხარ, შე მამაძაღლო, ეგ ჩექმა აქეთ მოიტანე!" — წამოიძახა მართამ და ლუკას ჭუჭყიან ყურში ხელი წაავლო. "მამაშენი დურგალი იყო, ადრე მახსოვს იძახდა ლაზათიან დურგალს ერთი თითი მაინც უნდა აკლდესო" ამის თმქა იყო და ორივემ მამაჩემის ათივე ჯასაღ თითს შევხედეთ, გაგვეღიმა.

​ლუკას მამა იწვა და ჭერს უყურებდა. მისი თვალები ორი მკვდარი ეკრანივით იყო — არანაირი გამოსახულება, მხოლოდ შორეული, მიუღწეველი სინანული.

​ამ დროს სემიტში, ზღვის პირას, ასლანი პატარა კიბორჩხალას აკვირდებოდა. კიბორჩხალა ქვიშაზე დახოხავდა და ფეხებით რაღაც ნიშნებს ტოვებდა. ასლანი ფიქრობდა, რომ ეს კიბორჩხალა მასზე თავისუფალი იყო — მას შეეძლო ფხაკუნი. ასლანის პირი კი მემბრანული საკეტით იყო დაბეჭდილი.

​აქ, ამ მივიწყებულ ნაპირზე, ადამიანები ერთმანეთს თითების დარტყმით ესაუბრებოდნენ. ასლანს ახსოვს, როგორ ასწავლიდა ბებია:

​ერთი დარტყმა მაჯაზე — "პური".

​ორი დარტყმა — "ზღვა".

​სამი დარტყმა — "გახსოვდეს, ვინ ხარ".

​ასლანმა იცოდა, რომ სადღაც, ამ ნაცრისფერი გუმბათის მიღმა, არსებობდა სამყარო, სადაც ადამიანები ბგერებს ჰაერში ისროდნენ და ისინი არ ფეთქდებოდნენ. მას ესიზმრებოდა ქალი, რომელიც მწვანე მთის კალთაზე იდგა და რაღაცას მღეროდა. სიმღერა წყალივით მოედინებოდა. როცა იღვიძებდა, ასლანი საკუთარ პირზე მემბრანის ცივ სიმკვრივეს გრძნობდა და ტიროდა. მისი ცრემლები მლაშე იყო, როგორც ეს მიტოვებული ზღვა.

​იმ საღამოს ლუკამ ნაგავსაყრელზე რაღაც უცნაური იპოვა — პატარა, კერამიკის ფირფიტა, რომელსაც "აფხაზური იავნანა" ეწერა. მან არ იცოდა, რა იყო აფხაზეთი, ეგონა, რომელიმე შორეული, მდიდრული პლანეტა იყო.

​მან ფირფიტა თავის ნაგვისგან აწყობილ გადამცემში ჩადო.

​ეკრანი აციმციმდა. ნაგვის ზონის მტვრიან ჰაერში ჰოლოგრამა ამოიზარდა. ასლანმა, რომელიც თავის მხარეს ძველ, ჟანგიან ანტენას ეყრდნობოდა, დაინახა ლუკა.

​ლუკა უყურებდა ბიჭს, რომელსაც პირი არ ჰქონდა.

"ჰეი!" — დაიყვირა ლუკამ და ეკრანს ხელი დაარტყა. "შენც პიტნის საპნის წვიმაში მოყევი?"

​ასლანმა ვერ უპასუხა. მან მხოლოდ ხელი ასწია და მაჯაზე სამჯერ დაირტყა.

ტუკ. ტუკ. ტუკ.

"გახსოვდეს, ვინ ხარ."

​ლუკა დაიბნა. "რაო? ბებო, მოდი, ნახე, ეს ბიჭი თავის თავს სცემს!"

​მართა ბებო მოვიდა, ეკრანს დახედა და გაქვავდა. მან იცნო ის სამჯერადი დარტყმა. იცნო ის თვალები, რომლებშიც ზღვა იყო ჩამწყვდეული. მას გაახსენდა ბავშობაში ჩურჩულით როგორ უყვებოდა ბებიამისი სემიტზე (ყოფილი აფხაზეთის ტერიტორიაზე) აჩვენებდა ფოტოებს უზარმაზარი პალმების, თავის კლასელებთან ერთად როგორ მიხარულად გაქავებულიყვნენ შავთეთრ ფოტოებზე, შემდეგ უეცრად ტირილს იწყებდა ხოლმე და სევდა შეიპყრობდა, რამოდენიმე დღე გაშტერებული იჯდა ფანჯარასთან, ამიტომ უმალავდნენ ძველ ფოტოებს.

" ლუკა..." — ჩაიჩურჩულა მართამ. "ეგ ბიჭი კი არ ირტყამს, ეგ ბიჭი სემიტიდანაა, ყველაზე მდუმარე ადგილიდან სამყაროში."

​ლუკამ "Play" ღილაკს დააჭირა.

​სემიტის გარინდებულ ჰაერში, ასლანის თავში, სადაც წლებია მხოლოდ ელექტრონული გუგუნი ისმოდა, უეცრად შემოიჭრა ხმა. ნაზი, ძველი, ქალის ხმა:

"შიშ ნანი... ნანი ნან... აიაირა ნანი ნან..."

​ასლანი წამოხტა. მემბრანამ ლოყაში დენი დაარტყა, მაგრამ მან ვერ იგრძნო. ეს ხმა... ეს ხმა მისი სიზმრებიდან იყო. ის მიხვდა — ის ქალი მთის კალთაზე მისი ნაწილი იყო.

​ლუკამ დაინახა, როგორ აუკანკალდა ასლანს მხრები. მან ვერ გაუძლო ამ სევდას და უცებ, აბსურდული ბავშვური სიმამაცით, ეკრანთან თავისი პიტნის საპონით სავსე ჩექმა მიიტანა.

​"ნახე! თუ გინდა, გამოგიგზავნი! პიტნის გემო აქვს!"

​ასლანმა ეკრანს ხელი დაადო. ლუკამაც. ორ სამყაროს შორის მხოლოდ ცივი შუშა და საუკუნოვანი დუმილი იყო, მაგრამ იმ მომენტში იავნანის ჰანგი ამ შუშას ბზარავდა

​მათი შეხვედრები "შუაღამის რიტუალად" იქცა. ყოველ ჯერზე, როცა "ბროლის თბილისის" ენერგეტიკული ფარი გადაიტვირთებოდა და ნაგვის ზონაში წამიერი "ელექტრონული ნამცხვარი" (მოპარული დენი) გაჩნდებოდა, ლუკა თავის გადამცემს რთავდა.

​ლუკა ცხოვრობს იქ, სადაც წარსული ნაგვად იქცა, ხოლო ნაგავი — რელიგიად. ნარჩენების ზონაში არსებობს "დაკარგული ტექნოლოგიების სექტა". ისინი ლოცულობენ ძველ, გაფუჭებულ სმარტფონებზე და სჯერათ, რომ ერთ დღეს "დიდი ღრუბელი" (The Cloud) ჩამოვა და ყველას ატვირთავს სამოთხეში, სადაც არავის შია.

​ლუკას კი სხვა რელიგია აქვს — მართა ბებო. ბებო მას ყოველ დილით აიძულებს "ლოცვას": მან უნდა დაასახელოს ათი ქართული სიტყვა, რომელიც მდიდრების ლექსიკონიდან ამოიღეს.

"თქვი: თავისუფლება, სინდისი, საზიარო!" — უბრძანებს მართა.

"ბებო, ეგ სიტყვები რადიოაქტიურია, ენას მიწვავს!" — ეხუმრება ლუკა, მაგრამ მაინც იმეორებს.

​ლუკას ტკივილი მისი მამაა. მამა, რომელიც "ნოსტალგიის ვირუსით" არის პარალიზებული. ლუკა ოცნებობს, რომ ერთხელაც იმდენ "ოქროს ჩიპს" იპოვის, რომ მამას ნამდვილი, ნატურალური ვაშლის გემო გაასინჯოს.

​სემიტში ცხოვრება "წყლისქვეშა ყვირილს" ჰგავს. ასლანი მუშაობს "ნაპირის მცველად". მისი სამუშაოა ზღვიდან გამორიყული ნივთების დახარისხება. მთავრობა (რომელიც სემიტში მხოლოდ უსახო, მფრინავი დრონების სახით ჩანს) კრძალავს ნებისმიერ ნივთს, რომელსაც წარწერა აქვს.

​ასლანი მალულად აგროვებს "ხმოვან ნიჟარებს". მას სჯერა, რომ თუ ნიჟარას საკმარისად დიდხანს მოუსმენს, იქიდან ძველი წინაპრების ჩურჩულს ამოიკითხავს. მისი ოცნებაა — ერთხელ მაინც თქვას საკუთარი სახელი ისე, რომ მემბრანამ დენი არ დაარტყას. მას ენატრება სუნი, რომელიც არ არის მარილი და ლითონი. მას ენატრება მთის ნისლი.

​რადგან ასლანი ვერ ლაპარაკობს, ხოლო ლუკას გადამცემი ხშირად ხარვეზებით მუშაობს, მათ საკუთარი ენა გამოიგონეს.

​ერთხელ ლუკამ ეკრანთან მიიტანა ჟანგიანი გასაღები. ასლანმა დახედა, მიხვდა და თავის მხარეს ეკრანზე თითით დახატა კარი.

ლუკამ გაიცინა, გასაღები ეკრანს მიადო და "გადაატრიალა".

ასლანმა კი, თითქოს კარი გაიღოო, ეკრანის მიღმა თავი დახარა და ლუკას აჩვენა თავისი საგანძური — ნაპოვნი, გამხმარი დაფნის ფოთოლი.

​ლუკამ ფოთოლს შეხედა. მას არასოდეს ენახა მწვანე ფერი, რომელიც არ იყო ჰოლოგრამა.

"ეს რა არის? საჭმელია?" — ჰკითხა ლუკამ.

ასლანმა ფოთოლი ცხვირთან მიიტანა, თვალები დახუჭა და მერე ეკრანზე მთა დახატა.

"ააა... შენი სახლი მთაშია? ჩემი სახლი კი აი, იმ დიდ რკინის კოშკშია, ოღონდ ყველაზე დაბლა, სადაც ვირთხებიც კი ახველებენ," — უთხრა ლუკამ და სევდიანად ჩაიღიმა.