სანდუ რეფერენდუმის შემთხვევაში, მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა

მაია სანდუ, მოლდოვის პრეზიდენტი

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ რეფერენდუმის შემთხვევაში მხარს დაუჭერდა ნატოსა და ევროკავშირის წევრ რუმინეთთან შეერთებას.

ეს პოზიცია მაია სანდუმ ბრიტანულ პოდკასტში The Rest is Politics ახსნა სურვილით, დაიცვას თავისი ქვეყანა რუსეთის ზეწოლისგან.

„შეხედეთ, რა ხდება მსოფლიოში. მოლდოვის მსგავსი პატარა ქვეყნისთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდება დემოკრატიის, სუვერენული ქვეყნის გადარჩენა და, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა“, - თქვა სანდუმ

მისივე განმარტებით, მის ამ პოზიციას მოლდოვაში ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს.

„როგორც მოლდოვის პრეზიდენტს მესმის, რომ არ არსებობს უმრავლესობა, რომელიც რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა, მაგრამ არსებობს უმრავლესობა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ჩვენ სწორედ ამ მიზნის მიღწევისთვის ვმუშაობთ. ეს ბევრად უფრო რეალისტური მიზანია, რომელიც სუვერენიტეტის დაცვაში გვეხმარება“, - თქვა სანდუმ.

Reuters-ის თანახმად, 2.4 მილიონიან მოლდოვაში 1.5 მილიონამდე ადამიანს რუმინეთის მოქალაქეობა აქვს, თუმცა გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ემხრობა მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას.

მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, რომელსაც 2030 წლისთვის წევრობის მისაღწევად რთული რეფორმები აქვს განსახორციელებელი.

რუმინეთთან მოლდოვას საერთო კულტურა და ენა აკავშირებს. მოლდოვა 1918-40 წლებში რუმინეთის ნაწილი იყო. 1940 წელს საბჭოთა კავშირმა რუმინეთის სამეფოსგან მიიღო ბესარაბიისა და ბუკოვინას რეგიონების ნაწილი, რის შედეგადაც მოლდოვის ავტონომიური რესპუბლიკისა და წარსულში რუმინეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ადგილას შეიქმნა მოლდოვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა.

ასევე ნახეთ

პრორუსული ძალები დასუსტდნენ, მაგრამ არ გამქრალან - ინტერვიუ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან „ყველაზე მეტად ქართული სცენარის განმეორების გვეშინია“ - აქარწყლებს თუ არა მოლდოვის არჩევნების შედეგები ამ შიშს?არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის - რა აჩვენა მოლდოვის არჩევნებმა?რუსეთი მოლდოველ მღვდლებს ფულს უხდიდა არჩევნებზე გავლენის მოსახდენადროგორ და რატომ ცდილობს კრემლი მოლდოვის არჩევნებში ჩარევას