„ზანგეზურის დერეფანი“ 2030 წლისთვის შეიძლება ამუშავდეს - თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი

„ზანგეზურის დერეფანი, შესაძლოა, 2030 წლისთვის ამუშავდეს“.

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აბულქადირ ურალოღლუ აცხადებს, რომ „ზანგეზურის დერეფანი“ - სომხეთზე გამავალი მარშრუტი, რომელსაც სომხეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ასე უწოდებენ ანკარა და ბაქო - 2030 წლისთვის შეიძლება „ამუშავდეს“.

„ზანგეზურის დერეფანი, შესაძლოა, 2030 წლისთვის ამუშავდეს“, - განუცხადა მან თურქეთის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ს.

მინისტრმა განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება დაიწყო შეერთებული შტატების მონაწილეობით და ელიან პროგრესს არაერთი მიმართულებით.

მისი თქმით, 2025 წელს თურქეთმა დაიწყო ყარსი-იღდირი-არალიქი-დილუჩუს რკინიგზის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ამ პროექტის ფარგლებში; ამასთან განაცხადა, რომ, თავის მხრივ, აზერბაიჯანიც მუშაობს რკინიგზის ნახიჩევანის სექციაზე.

ანკარამ 224 კმ-იანი რკინიგზის მშენებლობა 2025 წლის აგვისტოში დაიწყო.

სომხეთი, - რომელიც პროექტის ერთ-ერთი მხარეა, - თავის მხრივ, ეწინააღმდეგება ტერმინი „ზანგეზურის დერეფნის“ გამოყენებას, რადგან მსგავსი ტოპონიმი სომხურ ენაში არ გამოიყენება და ტერიტორია სიუნიქის პროვინციაა.

ასევე ნახეთ "ტრამპის მარშრუტი" - სად არის საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზაზე?

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა 2025 წლის 6 დეკემბერს დოჰაში მიმდინარე ფორუმზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ერევნის მიუღებლობას ამ ტერმინის მიმართ.

მან ასევე თქვა, რომ დარწმუნებულია, TRIPP-ი - ანუ „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ - დიდ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ რეგიონს, არამედ რეგიონს გარეთ არსებულ ბიზნესებსა და ქვეყნებს.

  • 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებებს.
  • ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
  • 2025 წლის 18 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) სომხეთს 22 ცისტერნით 1220 ტონა АИ‑95 მარკის ბენზინი გაუგზავნა საქართველოს გავლით.
ასევე ნახეთ ტრამპის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს 200%-იანი ტარიფებით დაემუქრა, თუ არ შერიგდებოდნენ