Bloomberg: ირანმა 2021 წლის ბოლოდან რუსეთს 2,7 მლრდ დოლარის რაკეტები გადასცა

ირანისა და რუსეთის პრეზიდენტების, მესუდ ფეზეშქიანისა (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა თურქმენეთში. 12 დეკემბერი, 2025.

ირანმა რუსეთს დაახლოებით 2,7 მილიარდი დოლარის ღირებულების ბალისტიკური და საზენიტო რაკეტები მიაწოდა, იტყობინება Bloomberg-ი უსაფრთხოების სფეროს დასავლელ წარმადგენელზე, რომელმაც ანონიმად ისურვა დარჩენა.

თეირანმა მოსკოვთან კონტრაქტების გაფორმება დაიწყო 2021 წლის ოქტომბრიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე. ეს კონტრაქტები მოიცავდა ასობით Fatah-360 ტიპის მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტის მიწოდებას, 500-მდე სხვა მოკლე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტას და თითქმის 200 საზენიტო რაკეტას.

გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, ირანმა რუსეთს მიაწოდა მილიონობით ვაზნა და ჭურვი, ასევე Shahed-136 დრონები და გაუზიარა ტექნოლოგია, რომელმაც რუსეთს საშუალება მისცა, ისინი „გერან-2“-ის სახელწოდებით თავად ეწარმოებინა 2023 წლის დასაწყისში ხელმოწერილი 1,75 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტის ფარგლებში.

საერთო ჯამში, დასავლური წყაროების შეფასებით, რუსეთმა 2021 წლის ბოლოდან ირანულ იარაღზე 4 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

ასევე ნახეთ ირანმა საქართველოში ელჩად დანიშნა დიპლომატი, რომელიც თალიბანმა ავღანეთიდან გააძევა

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანს Shahed-136 კამიკაძე დრონების გარდა შესაძლოა რუსეთისთვის მოკლე რადიუსის რაკეტებიც გადაეცა, პირველად The Washington Post-მა გაავრცელა 2022 წლის შემოდგომაზე. 2024 წლის თებერვალში Reuters-ი იტყობინებოდა, რომ ირანმა რუსეთს 2024 წლის იანვრიდან მოყოლებული მიაწოდა დაახლოებით 400 Fateh-110 Zolfaghar ტიპის „მიწა-მიწა“ კლასის ბალისტიკური რაკეტა, რომელთა მოქმედების რადიუსი 700 კმ-მდეა.

2024 წლის სექტემბერში რამდენიმე დასავლურმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების პარტია გადასცა. The Times-ის ცნობით, რუსეთმა მაშინ 200-ზე მეტი Fatah-300 (ან Fatah-360) ბალისტიკური რაკეტა მიიღო. 2025 წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთში Fatah-360 რაკეტების გამშვები მოწყობილობების გაგზავნას აპირებდა.

მოსკოვსა და თეირანს შორის დაახლოება გააქტიურდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო 2022 წლის თებერვალში, რამაც შემდგომში რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება გამოიწვია („უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მხარდაჭერისთვის“). ირანის ხელისუფლება უარყოფს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას.

ასევე ნახეთ „ბურევესტნიკი“ - რაკეტა თუ „მფრინავი ჩერნობილი?!" რატომ იმუქრება პუტინი თავისი საეჭვო ეფექტიანობის იარაღით