კომპანიის მიერ 13 იანვარს ტელეგრამზე გავრცელებული ცნობების თანახმად, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში მიწოდება 22,2%-ით გაიზარდა.
რადიო თავისუფლება 2025 წლის მაისში იუწყებოდა, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთისგან შეძენილი გაზის საფასურმა პირველად ორი ათეული წლის განმავლობაში გადააჭარბა აზერბაიჯანისგან შესყიდული გაზის ფასს.
საქსტატის საიტზე გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, გასული, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ რუსულ გაზში 202 293 მლნ დოლარი გადაიხადა მაშინ, როცა აზერბაიჯანულში - 123 140 მლნ დოლარი.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში გაზის მიწოდებამ 2026 წელს 3,34 მილიარდ კუბურ მეტრს უნდა მიაღწიოს.
დოკუმენტში მითითებულია, რომ ამ მიწოდების 87% მოდის აზერბაიჯანზე (შაჰ-დენიზის კონსორციუმსა და SOCAR-ზე), ხოლო დაახლოებით 400 მილიონი კუბური მეტრის (დაახლოებით 11%) იმპორტი რუსეთიდან იგეგმება.
თუმცა ბალანსის მაჩვენებლები ხშირად კორექტირდება ხოლმე მიწოდების ფაქტობრივი მოცულობების მიხედვით.
2026 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის პროგნოზი
2025 წლის დეკემბრის ბოლოს, ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტო „როიტერსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთიდან ევროპაში გაზის ექსპორტი 2025 წელს 44%-ით შემცირდა, რაც 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან ყველაზე დაბალი ნიშნულია.
„გაზპრომი“, რომლის აქციების საკონტროლო პაკეტს სახელმწიფო ფლობს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მნიშვნელოვან ზარალს განიცდის სანქციებისა და ევროპის სახელმწიფოთა დიდი ნაწილის მიერ რუსულ გაზზე უარის გამო.
კომპანიის ოფიციალური ანგარიშების თანახმად, მხოლოდ 2024 წელს „გაზპრომის“ დანაკარგი 1,08 ტრილიონი რუბლი იყო.