ღარიბაშვილის ნათესავებისთვის ტროლის მიმართვა სახელისუფლებო მედიამ გააშუქა - MDF

ირაკლი ღარიბაშვილი (მარცხნივ) და ბიძინა ივანიშვილი

„მედიის განვითარების ფონდმა“, რომელიც სოციალურ ქსელში მითებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას იკვლევს, აღმოაჩინა, რომ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ტროლის მიმართვა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებისადმი.

Nati Topuria-ს პოსტი გამოაქვეყნეს შემდეგმა მედიასაშუალებებმა: POSTV, მხარე • mkhare.ge, Ongo, რეპორტიორი, InfoPostalioni.com, მედიაჰოლდინგი „კვირა“, საერთო გაზეთი“, „რუსთავი 2“, newshub.ge და region.ge.

მასალებში არ არის ახსნილი, რა საჯარო ინტერესს ატარებდა ექიმად მოხსენიებული ნათია თოფურიას სახელით გამოქვეყნებული პოსტის ახალ ამბად ქცევა. გარდა ამისა, მკითხველისთვის არ აუხსნიათ, ღარიბაშვილის რომელი ნათესავის განცხადებაზე გამოხმაურება გაავრცელეს მათ.

გუშინ, 12 იანვარს, ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრებიდან მალევე, მისმა ცოლისდამ ფეისბუკში დაწერა, რომ „იყო ადა­მი­ა­ნი, არ არის მარ­ტი­ვი. ირაკ­ლი­ზე ვინ რას და­წერს არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვი­საც ღირ­სე­ბა, ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და ადა­მი­ა­ნო­ბა აქვს, ყვე­ლა ხვდე­ბა ვინ არის. ვი­საც გი­ხა­რი­ათ რაც ხდე­ბა, ჩემ­თვის თქვენ ადა­მი­ა­ნე­ბი არ ხართ“.

პოსტში, რომლითაც 10-ზე მეტი პროსახელისუფლებო მედია დაინტერესდა, ავტორი „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერს „კორუმპირებულ ნაძირალად“ და „ქვეყნისა და ხალხის მოღალატედ“ მოიხსენიებს. ის მის ნათესავებს მოუწოდებს, ან საჯაროდ განაცხადონ, რომ მათი „ფალავანი“ უდანაშაულოა, ან გაჩუმდნენ და „მადლობა თქვან, რომ ასეთი მძიმე დანაშაულისთვის მხოლოდ ხუთწლიანი სასჯელი მიიღო“.

„მედიის განვითარების ფონდმა“ აღმოაჩინა, რომ სხვადასხვა მედიასაშუალება Nati Topuria-ს ფოტოდ მაყურებელს სხვადასხვა ადამიანის ფოტოს სთავაზობდა. მათივე მტკიცებით, ერთ-ერთი ფოტო, რომელიც ახალ ამბებს თან ერთვის, ეკუთვნის არა ნათია თოფურიას, არამედ ნათია დვალს, რომელსაც ვიდეოზარით ესაუბრნენ.

„მას ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ანგარიშთან “Nati Topuria”, რაზეც მან გვიპასუხა, რომ არ იცის, ვინ შეიძლება იყენებდეს მის ფოტოს სანდოობის შექმნის მიზნით. ნათია დვალმა ასევე აღნიშნა, რომ ფეისბუქზე პოლიტიკური ხასიათის პოსტებს არ ავრცელებს“, - წერია სტატიაში.

გუშინ, 12 იანვარს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დააპატიმრეს - ამას წინ უსწრებდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. მან აღიარა ფულის გათეთრების შესახებ წაყენებული ბრალი, დაეთანხმა მილიონლარიანი ჯარიმის გადახდას და 9-წლიანი პატიმრობის ნაცვლად ხუთ წელს გაატარებს საპატიმროში.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი უკვე ციხეშია - 5-წლიანი პატიმრობა და ₾1 მილიონი ჯარიმა საპროცესო შეთანხმებით