კობახიძე აბუ-დაბიში შეხვდა საამიროების პრეზიდენტს, ესაუბრა „იგლ ჰილზის“ პროექტსა და „მშრალ პორტზე“

ირაკლი კობახიძე და შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე 14 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. შეხვედრისას მათ ისაუბრეს „იგლ ჰილსის“ დაანონსებულ 6.6-მილიარდიან ინვესტიციაზე საქართველოში.

„ხაზი გაესვა საქართველოში კომპანია „იგლ ჰილსის“ ისტორიული - 6,6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის მნიშვნელობას“, - იუწყება ირაკლი კობახიძის ფეისბუკის ოფიციალური გვერდი.

მისი თქმით, ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე.

ასევე ნახეთ არნახული არაბული ინვესტიცია, 6,6-მილიარდიანი პროექტი, მილიონობით კვ.მ. მიწა და გასაიდუმლოებული კონტრაქტი - რა ვიცით?

„შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რასაც ხელს უწყობს მჭიდრო პოლიტიკური კავშირები“, - წერს ის.

ამ კონტექსტში ახსენეს საქართველოში 2025 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი და მისი „განსაკუთრებული მნიშვნელობა“. ალ ნაჰიანს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც შეხვდა.

ასევე ნახეთ ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა

„ასევე აღინიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციით განხორციელებული თბილისის მშრალი პორტის პროექტის როლი და სხვა უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიების წარმატებული საქმიანობა საქართველოში“, - წერს ირაკლი კობახიძე.

შეხვედრა გაიმართა აბუ-დაბის „მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე“ სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში. ირაკლი კობახიძეს თან ახლავს:

  • საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი,
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი,
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი,
  • იუსტიციის მინისტრი პაატა სალია,
  • მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

შეხვედრას ყველა მათგანი ესწრებოდა.

წინა დღეს კობახიძე კომპანია PRYPCO-ს დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ ამირა საჯვანის შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, PRYPCO-სა და საქართველოს მთავრობას შორის უძრავი ქონების სექტორში „ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი“ გაფორმდა.

„თბილისის მშრალი პორტის“ ინვესტორი

ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორ აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის. სწორედ ეს კომპანია ფლობს „თბილისის მშრალი პორტის“ 60%-იან წილს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კომპანიამ თბილისის მშრალი პორტის პროექტში ამ ეტაპისთვის 16 მლნ აშშ დოლარი ჩადო, სამომავლოდ კი თანხის მოცულობა გაიზრდება.

12 იანვარს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს „შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის მნიშვნელობასა“ და „ამ კუთხით თბილისის მშრალი პორტის პროექტის როლზე“.

„პორტმა“ ფუნქციონირება 2025 წელს დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, ის „შუა დერეფნის საშუალებით, დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის როგორც საზღვაო, ისე მშრალი პორტების ქსელის გამოყენებით აკავშირებს“.