ალექსანდრე საქანიას მოსკოვში 19 წელი მიუსაჯეს "რუსეთის მოხალისეთა კორპუსში" ხალხის გადაბირების ბრალდებით

ალექსანდე საქანია

მოსკოვის პროკურატურა 30 წლის ალექსანდრე საქანიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სასამართლომ მას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ხუთი წელი საქანიამ ციხეში უნდა გაატაროს, დანარჩენი კი - მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

გამომძიებლების ვერსიით, საქანია პირადად იცნობდა დენის კაპუსტინს, უკრაინის მხარეს მებრძოლი "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" (რუსეთში ეს ორგანიზაცია ტერორისტულადაა აღიარებული) მეთაურს. ირწმუნებიან, რომ მას შემდეგ რაც საქანია დანაყოფს შეუერთდა, საქართველოში ყოფნისას ახალი წევრების გადაბირებას ცდილობდა.

ასევე ნახეთ ხულიგანი, ნეონაცისტი თუ რუსი პატრიოტი? - რუსი დენის კაპუსტინის ომი რუსეთის წინააღმდეგ

"2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე საქანია საქართველოს ტერიტორიაზე საფილტრაციო პუნქტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის მსურველი კანდიდატების შერჩევაზე, მათი შემოწმების, შემდგომი გადაბირების გზით. თავად ეძებდა და არწმუნებდა სხვებს "რუსეთის მოხალისეთა კორპუსში" გასაწევრიანებლად, ასევე აწყობდა შეხვედრებს აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მისი საქმიანობის გაგრძელების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლომ საქანია დამნაშავედ ცნო უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებაში მონაწილეობის, ტერორისტულ დაჯგუფებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის.

მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია 2024 წლის აპრილში გავრცელდა. Telegram-ის არხის «Осторожно, новости"-ს ცნობით, საუბარი იყო რუსეთის მოქალაქე, წარმოშობით ქართულ ალექსანდრე საქანიაზე (ვიშნიაკოვი), რომელიც რუსეთში ჩაფრინდა, სადაც 27 მარტს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი როგორც სისხლის სამართლის ბრალდებული.

Telegram-ის არხის Mash-ის ცნობით, შესაძლოა საქანია განზრახ შეიტყუეს მოსკოვში, შეძლებული ადამიანისთვის საქართველოში ბიზნესის გახსნაში დახმარების სანაცვლოდ თანხის დაპირებით.

საქანიას სახელმა საქართველოში ემიგრანტთა საზოგადოებაშიც გაიჟღერა. მედიის ცნობით, ის ხელმძღვანელობდა მემარჯვენე პროქართულ Telegram-ის არხს Pax Iberica-ს, სადაც ის „წმინდა სისხლის საქართველოს“ იდეას უწევდა პოპულარიზაციას და მონაწილეობდა ბათუმში Gigglz Bistro-ს ბარზე თავდასხმაში, რომელსაც „მემარცხენეთა სანერგეს" უწოდა. გარდა ამისა, საქანია-ვიშნიაკოვი დაკავშირებული იყო მოძრაობა „დაბრუნებასთან“, რომელიც ეთნიკურად ქართველებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში ეხმარებოდა. თუმცა, ზოგი წყაროს ცნობით, შესაძლოა, მას თავად არ ჰქონოდა მიღებული საქართველოს მოქალაქეობა.

Telegram-ის სხვადასხვა არხი ასევე ავრცელებდნენ ინფორმაციას, აჭარაში საქანიას შესაძლო თაღლითური საქმიანობის შესახებ. კერძოდ, ირწმუნებოდნენ, რომ ის საბანკო გადარიცხვებში დახმარებას ითხოვა, რის შემდეგაც ქრებოდა. ამის შესახებ მედიაპორტალი SOVA-ც წერდა.