ირანის საელჩოსთან პროტესტი გრძელდება - პოლიციამ დააკავა ერთი ადამიანი

მეხუთე დღეა აქცია იმართება ირანის საელჩოსთან.

თბილისში ირანის საელჩოსთან აქცია დღეს, 14 იანვარსაც, იმართება. როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პოლიციამ დააკავა ერთი ადამიანი.

ნუცა მახარაძის დაკავებამდე, დემონსტრანტები ირანის საელჩოსთან მდებარე შუქნიშანზე მწვანე ფერის ანთების დროს გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადასვლით გამოხატავდნენ პროტესტს. მოგვიანებით, როგორც პოლიციამ განმარტა, „მწყობრიდან გამოვიდა შუქნიშანი“, მახარაძემ კი სწორედ ამ დროს დაიწყო გზის გადაკვეთა.

აქციაზე რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა.

აქცია ირანის საელჩოსთან

  • ირანის საელჩოსთან მთელი საღამოა ისმის შეძახილები „თავისუფლება ირანს“. მეხუთე დღეა, აქციას მართავენ საქართველოში მყოფი ირანელები, რომლებიც ამ გზით გამოხატავენ მხარდაჭერას და პატივს მიაგებენ ირანში დაწყებული საპროტესტო ტალღის დროს დაღუპულებს.
  • ირანში მასობრივი დემონსტრაციები, რომლებსაც წინ ეკონომიკური კრიზისი უსწრებდა, გასული წლის 28 დეკემბრიდან იმართება თეირანსა და სხვა მრავალ ქალაქში.
  • უფლებადამცველები იუწყებიან დიდ მსხვერპლზე - სხვადასხვა ცნობით, 2000-ზე მეტი დემონსტრანტია მოკლული ხელისუფლების მიერ. აქციები ირანის საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა ქალაქშიც იმართება - მათ შორის თბილისსა და ერევანშიც.
ასევე ნახეთ ირანში დიდი მსხვერპლის შესახებ ცნობები ვრცელდება

სომხეთში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი ელჩი ერევანს საყვედურობს საელჩოსთან აქციების შეზღუდვაზე უარის გამო და აცხადებს, რომ თეირანში მყარდება შეხედულება, რომ სომხეთი ხდება ირანისადმი მტრულად განწყობილი ძალების „ცენტრი“.

ასევე ნახეთ საელჩოსთან აქციების გამო სომხეთში ირანის ელჩი მთავრობას საყვედურობს

Freedom House-ის „თავისუფლება მსოფლიოში“ ბოლო ანგარიშის თანახმად, ირანს, რომელიც „არათავისუფალი ქვეყანაა“, 100-დან 11 ქულა აქვს, ხოლო სომხეთს, რომელიც „ნაწილობრივ თავისუფალია“, 54.