Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დიდი მსხვერპლის შესახებ ცნობები ვრცელდება


კარდი ვიდეოდან: სოციალურ ქსელში გავრცელებული ეს კადრი გადაღებულია 2026 წლის 12 იანვარს, მასში ჩანს ადამიანთა ცხედრები, რომელიც ამოსაცნობადაა მიტანილი ერთ-ერთი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრში,
კარდი ვიდეოდან: სოციალურ ქსელში გავრცელებული ეს კადრი გადაღებულია 2026 წლის 12 იანვარს, მასში ჩანს ადამიანთა ცხედრები, რომელიც ამოსაცნობადაა მიტანილი ერთ-ერთი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრში,

ირანის ისლამური რესპუბლიკის მოწამეთა და ვეტერანთა ფონდის ხელმძღვანელი ირანში საპროტესტო აქციების დროს დიდი მსხვერპლის შესახებ საუბრობს.

მიუხედავად იმისა, რომ ისლამური რესპუბლიკის სხვა ოფიციალური პირების მსგავსად, ძალადობას მომიტინგეებს მიაწერს და მათ „ტერორისტებად“ მოიხსენიეს, მისი განცხადება ასევე ცხადყოფს, რომ დაღუპულები არიან „მოსახლეობის სხვადასხვა ფენის“ წარმომადგენლები.

რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის, რადიო "ფარდას" თანახმად, აჰმად მუსავი იყენებს ტერმინს „სახალხო მოწამეები“ და ამბობს, რომ ისინი ნაწამები არიან „ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო იარაღით, სანადირო იარაღით, დანებით, ნაჯახებით, სამართებლითა და ყველანაირი სასტიკი და წამების მეთოდით, ცეცხლის წაკიდებიდან თავის მოკვეთამდე და დახრჩობამდე“.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან აფილირებულმა საინფორმაციო სააგენტო „ფარსმა“ ასევე დაწერა: „მოკლულთა უმეტესობა რიგით ადამიანები და გამვლელები იყვნენ, რომლებიც არეულობის კონტექსტთან არ იყვნენ დაკავშირებული“.

ციფრული იზოლაციის პირობებში ვერ ხერხდება გავრცელებული ინფორმაციის, ასევე დაღუპულთა, დაკავებულთა და დაშავებულთა შესახებ ზუსტი ინფორმაციის გადამოწმება.


უფლებადამცველმა ჯგუფმა 13 იანვარს, გვიან ღამით განაცხადა, რომ დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 571-ს მიაღწია. HRANA-ს ინფორმაციით, დადასტურებულია 2 403 მომიტინგის, მთავრობასთან დაკავშირებული 147 პირის, 12 ბავშვისა და 9 შემთხვევითი გამვლელის სიკვდილი. ორგანიზაციამ ასევე დაადასტურა 18 434 პირის დაკავება, ტელევიზიით გადაცემული იძულებითი აღიარების 97 შემთხვევა და მძიმე დაზიანებების შესახებ მიღებული 1 134 შეტყობინება.

პროტესტს უსაფრთხოების ძალების მხრიდან მოჰყვა ძალადობრივი დარბევა და ინტერნეტის საყოველთაო გათიშვა, რაც აჩენს შიშს, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს.

ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია სამთავრობო ძალების და თავდაცვის უწყების 147 წარმომადგენელი.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან აფილირებული საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ ერთ-ერთია იმ ძალიან მცირერიცხოვან მედიასაშუალებებს შორის, რომელიც ინტერნეტის და სატელეფონო კავშირის გათიშვის ფონზე ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობა, რომ დაღუპულთა ცხედრების ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება, მიანიშნებს დემონსტრანტთა წინააღმდეგ გამოყენებული სასტიკ ძალადობაზე, წერს რადიო "ფარდა".

ირანში მყოფმა ექიმმა რადიო "ფარდას" 12 იანვარს უთხრა, რომ სახელმწიფოს მიერ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის ფონზე, უსაფრთხოების ძალები საავადმყოფოებიც შეიჭრნენ და დაშავებული მომიტინგეები სიკვდილით დასაჯეს.

„მათ ბევრი [დემონსტრანტი] მოკლეს, ბევრი დააკავეს და ბევრი მათგანი მიმალვაშია“, - თქვა ექიმმა, რომელმაც რადიო ფარდას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა. - „სიტუაცია ძალიან ცუდია“.

რადიო თავისუფლებას ექიმის განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება არ შეუძლია.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპმა 13 იანვარს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „მკაცრ ზომებს“ მიიღებს, თუ ირანის რეჟიმი დაკავებულ ირანელებს სიკვდილით დასჯის.

„როდესაც ისინი ათასობით ადამიანის მოკვლას იწყებენ - და ახლა თქვენ ჩამოხრჩობაზე მელაპარაკებით. ვნახოთ, როგორ იქნება ეს მათთვის. თუ ისინი ასეთ რამეს გააკეთებენ, ჩვენ ძალიან მკაცრ ზომებს მივიღებთ“, - უთხრა ტრამპმა CBS News-ს.

გუშინ, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 14 იანვარს ირანის ხელისუფლება დაკავებული ირანელი მომიტინგის, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯას გეგმავს: „ისლამური რესპუბლიკის რეჟიმმა 10 600-ზე მეტი ირანელი დააკავა მხოლოდ ძირითადი უფლებების მოთხოვნის გამო. მათ შორისაა 26 წლის ერფან სოლტანი, რომელსაც 14 იანვრისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG