Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საელჩოსთან აქციების გამო სომხეთში ირანის ელჩი მთავრობას საყვედურობს


მარცხნივ: ირანის ელჩი ხალილ შირღოლამი. მარჯვნივ: სომხეთში მცხოვრები ირანელების აქცია ერევანში
მარცხნივ: ირანის ელჩი ხალილ შირღოლამი. მარჯვნივ: სომხეთში მცხოვრები ირანელების აქცია ერევანში

სომხეთში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი ელჩი ერევანს საყვედურობს საელჩოსთან აქციების შეზღუდვაზე უარის გამო და აცხადებს, რომ თეირანში მყარდება შეხედულება, რომ სომხეთი ხდება ირანისადმი მტრულად განწყობილი ძალების „ცენტრი“.

ელჩმა ხალილ შირღოლამიმ, - რომელიც 2025 წლის დეკემბრის ბოლოდან შეუდგა მოვალეობის შესრულებას, - 14 იანვარს ერევანში პრესკონფერენციაზე დაგმო საელჩოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციები.

  • ირანში მასობრივი დემონსტრაციები, რასაც წინ ეკონომიკური კრიზისი უსწრებდა, 28 დეკემბრიდან იმართება თეირანსა და სხვა მრავალ ქალაქში.
  • უფლებადამცველები იუწყებიან დიდ მსხვერპლზე - სხვადასხვა ცნობებით, 2000-ზე მეტი დემონსტრანტია მოკლული ხელისუფლების მიერ.
  • აქციები ირანის საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა ქალაქშიც იმართება - მათ შორის თბილისსა და ერევანშიც.

ელჩმა შირღოლამიმ ერევანში აქციებთან დაკავშირებით თქვა: „ადამიანთა ჯგუფს ირანის საელჩოს წინ მისვლის ნებართვა მიეცა. ისინი ძალიან უპატივცემულო და შეურაცხმყოფელ გამოთქმებს იყენებენ. ჩვენი პროტესტის მიუხედავად, ეს პროცესი გრძელდება“.

მისი თქმით, ამის გამო შესჩივლა სომხეთის შესაბამის უწყებებს, თუმცა ამას შედეგი არ გამოუღია და აქციები გრძელდება.

Freedom House-ის „თავისუფლება მსოფლიოში“ ბოლო ანგარიშის თანახმად, ირანს - რომელიც „არათავისუფალი ქვეყანაა“, 100-დან 11 ქულა აქვს, ხოლო სომხეთს - რომელიც „ნაწილობრივ თავისუფალია“ - 54.

დიპლომატის თქმით, ირანის საელჩოს წინ მომხდარი მოვლენები „ირანელი ხალხის ისტორიულ მეხსიერებაში დარჩება“, რადგან „ყველაზე რთულ დროს ირანი სომხეთის სახელმწიფოსა და ხალხის გვერდით იდგა“.

ელჩის თქმით, თუ „მტრული ძალები ირანის გახლეჩას მოახერხებენ, სომხეთიც დამარცხებულთა შორის იქნება“.

მან ასევე განაცხადა, რომ „ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ირანში აქცია არ გამართულა“, - რაც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო მედიის, მათ შორის რადიო თავისუფლების ხელთ არსებულ ცნობებთან.

  • ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ალი აკბარ ველაიათიმ 2025 წლის 9 აგვისტოს განაცხადა, რომ ირანი „არ დაუშვებს“ სატრანსპორტო დერეფნის შექმნას თავის საზღვართან, როგორც ეს გათვალისწინებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 8 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებით.
  • 2026 წლის 13 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც გამოაქვეყნეს საერთო „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო-შეთანხმება“.
  • დოკუმენტით ირკვევა, რომ დაგეგმილია, შეიქმნას „TRIPP-ის განვითარების კომპანია“ - მოკლედ TDC, - რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს. კომპანიას ჯერ 49 წლით, კიდევ 50 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით ექნება პროექტის განვითარების ექსკლუზიური უფლება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG