„ტროტუარზე დგომისთვის 3 შვილის დედას უპირებენ სისხლით დაჭერას“ - ამბობს ადვოკატი

ანა ბდეიანი

ტროტუარზე პროტესტის გამო, სისხლის სამართლის საქმე შესაძლოა კიდევ ერთი ადამიანის წინააღმდეგ აღიძრას - აცხადებს ადვოკატი მარიკა არევაძე. 

როგორც მან ფეისბუკში დაწერა, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ, რომელიც ანა ბდეიანის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეტანილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს განიხილავდა, საქმის წარმოება შეწყვიტა. ადვოკატის ცნობით, მოსამართლემ საქმე შსს-ს სისხლის სამართლის კოდექსით რეაგირებისთვის დაუბრუნა.

„3 შვილის დედას, ტროტუარზე დგომის გამო უპირებენ სისხლით დაჭერას“, - აღნიშნავს მარიამ არევაძე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ტროტუარზე დგომისთვის დაწყებული სამართალწარმოება შეწყვიტა. მოსამართლე დავით მაკარაძემ სისხლის სამართლის ნიშნები დაინახა მოქალაქე გიორგი წულაიას საქმეში, რადგან იგი საავტომობილო გზის გადაკეტვისთვის (2025 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება) იმავე კანონით 8-დღიან პატიმრობაში უკვე იმყოფებოდა. მოსამართლის განმარტებით, ასეთი შემთხვევებზე წერია სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც, „იმავე ქმედების ჩადენა“ ისჯება ერთ წლამდე პატიმრობით.

ასევე ნახეთ ტროტუარზე პროტესტისთვის მოქალაქეს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ტროტუარზე პროტესტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 10-ზე მეტ ადამიანს შეუდგინა. სასამართლოს ამ დრომდე სამართალდამრღვევად არავინ გამოუცხადებია. გიორგი წულაია კი პირველია, ვისი სისხლის სამართლის წესით გასამართლებაზეც გაჩნდა ეჭვი.

ასევე ნახეთ ტროტუარზე პროტესტისთვის სამართალდამრღვევად გამოცხადებული ანი ახმეტელის საქმის განხილვა 9 იანვარს გაგრძელდება

დაახლოებით ერთი თვის წინ, 10 დეკემბერს, სადავო პარლამენტმა დაჩქარებულად განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.

  • ახალი კანონით, თუკი აქცია გაიმართება ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ორგანიზატორი (პასუხისმგებელი პირი) ვალდებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს (მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით) წერილობით მიმართოს;
  • წესის დარღვევის პირველ შემთხვევაში 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, იმავე წელს მეორე და ყველა მომდევნო შემთხვევაში კი 1 წლამდე პატიმრობა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“, - წერია ახალ კანონში.

​თუკი პოლიცია ჩათვლის, რომ დემონსტრაცია დაარღვევს ამ წესს, „კანონის დარღვევის შესაწყვეტად“ 15 წუთს მისცემს. ამის შემდეგ მას პასუხისგებაში მისცემენ.

ასევე ნახეთ პოლიციის გაფრთხილების გარეშე „ხალხის სავალ ადგილას“ აქციის გამართვა აიკრძალა

სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონები, რომლებიც დემონსტრაციებს შეეხება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არ არის განჭვრეტადი.

ასევე ნახეთ დემონსტრაციების შემზღუდველ კანონებს ომბუდსმენი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს