საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს, 25 დეკემბერს დაიწყო.
სხდომაზე დამსწრეებმა შსს-ს წარმომადგენლებს უთხრეს: „აქ ვინც ვართ, ყველა ვიდექით აქციაზე“.
„ყოჩაღ...“ - უპასუხა შსს-ს იურისტმა მათ.
ზუსტად იმავე მოტივით სამართალწარმოება დაწყებულია 10-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ. მათ შორის, კიდევ ერთის [ელენე ჯღარკავას] საქმე 12 იანვრამდე გადაიდო, მოსამართლემ მოითხოვა ხანგრძლივი ვიდეომტკიცებულების წარდგენა.
პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომის გამო შსს-ში სამართალწარმოების დაწყების შესახებ ანი ახმეტელმა 23 დეკემბერს შეიტყო. საქმეში დევს პოლიციის მაიორის, გიგა ბატკუაშვილის შედგენილი ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ ახმეტელს ედავებიან 17 დეკემბერს „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას“, რაც გამოიხატა ტროტუარზე დგომით.
ორი კვირის წინ, 10 დეკემბერს სადავო პარლამენტმა დაჩქარებულად განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.
- ახალი კანონით, თუკი აქცია გაიმართება ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ორგანიზატორი (პასუხისმგებელი პირი) ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს (მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით) წერილობით მიმართოს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“, - წერია ახალ კანონში.
თუკი პოლიცია ჩათვლის, რომ დემონსტრაცია დაარღვევს ამ წესს, „კანონის დარღვევის შესაწყვეტად“ 15 წუთს მისცემს. ამის შემდეგ მას პასუხისგებაში მისცემენ.
სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონები, რომელიც დემონსტრაციებს შეეხება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არ არის განჭვრეტადი.
ფორუმი