ქიშმიშიდან ჰეროინამდე - რას ყიდულობს და ყიდის საქართველო ირანში, რა შემოდის უკანონოდ?

მოკლედ

  • ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ხელისუფლების მიერ სასტიკი ჩახშობის და ინფორმაციულ ბლოკადაში მოქცევის ფონზე, 13 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შტატები 25%-იან ტარიფს დაუწესებს ქვეყნებს, რომლებსაც ირანთან ბიზნესურთიერთობა აქვთ.
  • ირანი, რომელსაც უკვე დაწესებული სანქციებისგან დასუსტებული ეკონომიკისა და მწვავე სოციალური პრობლემების გამო გადაუარა მძლავრმა საპროტესტო ტალღამ, სავარაუდოდ, კიდევ უფრო იზოლირებული გახდება.
  • თუმცა ტრამპის ინიციატივა გავლენას მოახდენს სხვა ქვეყნების საგარეო ვაჭრობასა და ეკონომიკაზეც.
საქართველო ირანის მთავარ და გავლენიან ბიზნესპარტნიორად ვერ ჩაითვლება, თუმცა ბოლო 12 წელში ირანთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა, “ქართული ოცნება” კი ირანის ხელისუფლებას პოლიტიკურადაც დაუახლოვდა.

ირანიდან ექსპორტირებული პროდუქციის ყველაზე მსხვილი მომხმარებლები ჩინეთი, ერაყი და არაბთა გაერთიანებული საამიროებია - თეთრ სახლს ჯერ არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს პრეზიდენტ ტრამპის ახალი ინიციატივა პრაქტიკაში ან კონკრეტულად რომელ ქვეყნებზე როგორ გავრცელდება.

წინასწარი ვარაუდით, ტრამპის ეს გადაწყვეტილება, მისი ამოქმედების შემთხვევაში, ყველაზე დიდ დარტყმას მიაყენებს ჩინეთს, რომელიც ირანს ნავთობპროდუქტების გასაღებაში წლებია ეხმარება.

„ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბიზნესურთიერთობას აწარმოებს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან განხორციელებული ყველა საქმიანი ურთიერთობისთვის 25%-იან ტარიფს გადაიხდის", - ესაა ტრამპის განცხადება. ითქვა, რომ "განკარგულება საბოლოოა და არ შეიცვლება", ახალი ტარიფები კი „დაუყოვნებლივ ამოქმედდა“.

ჯერჯერობით ღიაა კითხვა იმის შესახებ, დამატებით 25% დაემატება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებულ და 2025 წლის აგვისტოში ამოქმედებულ ახალ ტარიფებს - რომლებიც რიგი ქვეყნებისთვის 40 და 50%-იან ტარიფებს აწესებდა - თუ 25%-მდე გაიზრდება მათი ტარიფი, ვინც უფრო დაბალი გადასახადით სარგებლობდა.

საქართველოსთვის შტატებს 10%-იანი, მინიმალური ტარიფი აქვს დაწესებული.

რადიო თავისუფლებამ ეკონომიკის სამინისტროს ჰკითხა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ინიციატივას საქართველოზე - უწყებამ ის უპასუხოდ დატოვა. ირანის წილი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დაახლოებით 1,5%-ია.

ასევე ნახეთ ირანული კომპანიები ფიქციურ მისამართებზე, სახელმწიფო შესყიდვებსა და საპორტო ქალაქებში

ახალი ტარიფების ინიციატივის კვალდაკვალ, გთავაზობთ ღია წყაროების მონაცემებს საქართველოს და ირანის ისლამური რესპუბლიკის სავაჭრო და ბიზნესურთიერთობების შესახებ.

პერიოდულად საქართველო-ირანის იმპორტისა და ექსპორტის მონაცემებში ჩნდება ისეთი პროდუქცია, რომლის ირანში ექსპორტზეც ამერიკის შეერთებულ შტატებს გამკაცრებული კონტროლი ან სულაც სანქციები აქვს დაწესებული.

მაგალითად, 2021-2024 წლებში ექსპორტის მონაცემებში ჩანს ლითონსაჭრელების და სახარატო ჩარხების ნაწილები და სამარჯვები, 2024 წლის მონაცემებში რადიონავიგაციური და რადიოლოკაციური აპარატურა, კონდენსატორები, გამომთვლელი მანქანები, სტატიკური გარდამქმნელები, ბურთულასაკისრები, 2025 წლის ექსპორტირებულ პროდუქციაში კი ელექტრული მანქანები და აპარატურა - ეს პროდუქცია იმ ჩამონათვალში ხვდება, რომელიც რუსეთის, ირანისა და ბელარუსისთვის შეზღუდულ პროდუქციას აერთიანებს.

ყველაზე მძიმე ირანისთვის ნავთობპროდუქტებზე დაწესებული შეზღუდვებია - ისლამური სახელმწიფოს ხელისუფლების მთავარი შემოსავალი სწორედ ნავთობია. ბოლო ხუთ წელიწადში კი საქართველო ზრდის ირანული ნავთობპროდუქტების მოხმარებას.

ირანიდან საქართველოში ექსპორტმა პიკს 2024 წელს მიაღწია - 2025 წლის სრული მონაცემები ჯერ დათვლილი არ არის. 2024 წელს ირანის ვაჭრობა სხვა არაერთ ქვეყანასთანაც რეკორდულად მაღალი იყო.

საქართველომ ირანიდან ყველაზე მეტი რკინისა და ფოლადის პროდუქცია სწორედ შარშანწინ შემოიტანა. ირანის ბაზრის წილი გაიზარდა და დომინანტურიც კი გახდა სხვადასხვა სფეროში. მაგალითად, ირანიდან იმპორტირებული კარაქი მთლიანი იმპორტის დაახლოებით 13% იყო, ირანიდან შემოსულმა ქიშმიშმა ქართული ბაზრის 45% დაიკავა, ფინიკმა კი - 85%.

2025 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ირანთან სავაჭრო ბრუნვა 262,7 მილიონი დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიურად ამ სახელმწიფოსთან ექსპორტ-იმპორტი ჯამში 11,6%-ით შემცირდა ძირითადად იმპორტის კლების ხარჯზე.

საქართველოდან ირანში ექსპორტირებული პროდუქციის სიის სათავეში ხე-ტყის მასალა, მანგანუმის ოქსიდი, სიმინდი, მსუბუქი ავტომობილები და ხორბალია.

ირანიდან კი საქართველოში ყველაზე მეტი ღირებულების შემოდის მოსაპირკეთებელი კერამიკული ფილები, ეთილენის პოლიმერები, რძე, ნაღები და შავი ლითონები. ბოლო 13 წელში იმპორტის 3-ჯერ ზრდა ძირითადად სწორედ შავი ლითონების და სამშენებლო მასალების იმპორტის მატებამ განაპირობა.

ნარკოტიკების ტრანზიტი საქართველოს გავლით

2025 წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოში დააკავეს ირანის მოქალაქე, რომელსაც კერამიკული ფილებით დატვირთული ავტომობილის სპეციალურ სამალავში 50 მილიონი ლარის ღირებულების "ჰეროინი" უპოვეს.

“157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" გადატანას „მარმარილოს ფილებით“ ცდილობდნენ”, - თქვა ამ შემთხვევაზე საუბრისას შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.

ასევე ნახეთ ნარკოტიკებით ზედოზირების პრობლემას ეძებენ იქ, სადაც ის არ არის

2025 წელს ეს არ ყოფილა ირანიდან საქართველოში მომავალი ნარკოტიკების მსხვილი პარტიის აღმოჩენის ერთადერთი შემთხვევა. მხოლოდ შსს-ს ინფორმაციით, ქართველმა პოლიციელებმა ირანიდან შემოტანილი 400 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი იპოვეს:

  • 25 მაისს ფოთის პორტში 80 კგ-მდე "ჰეროინის" შემოტანისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ირანის მოქალაქე. მას 315 შეკვრად დაფასოებული "ჰეროინი" სატვირთო ავტომობილში მოწყობილ სამალავში ჰქონდა დამალული. გამოძიების ვერსიით, მას ნარკოტიკები საქართველოს გავლით ევროპაში მიჰქონდა.
  • 27 სექტემბერს 36 წლის ირანის მოქალაქე დააკავეს საქართველოში 200 კილოგრამი, 50 მილიონი დოლარის ღირებულების, 8 ტომარაში განაწილებული „ჰეროინის“ შემოტანისას - გამოძიების მტკიცებით, ავტომობილი, რომლითაც ნარკოტიკი შემოიტანეს, ბულგარეთში მიდიოდა.
  • 18 ნოემბერს 3 მილიონი ლარის ღირებულების 35 კილო მარიხუანის შემოტანისთვის დააკავეს ირანის კიდევ ერთი მოქალაქე თბილისში.
  • 12 დეკემბერს თბილისის აეროპორტში აკავებენ 22 წლის ირანის მოქალაქე ქალს - ბრალდება ამბობს, რომ მის ხელბარგში სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება, "პრეგაბალინის" ტაბლეტები იპოვეს, მათ ეპილეფსიის სამკურნალოდ იყენებენ და საქართველოში გაყიდვა აკრძალულია.
  • 30 დეკემბერს უკვე 157 კილოგრამი "ჰეროინის" გადამტან ირანის მოქალაქეს აკავებენ.


საქართველოს გავლით მიჰქონდათ 2023 წელს ირანიდან ესტონეთში 1 660 კილოგრამი "ჰეროინიც". პოლიციამ ეს ტვირთი ბელგიაში, ანტვერპენის პორტში დააკავა - ასეთი დიდი რაოდენობით "ჰეროინის" აღმოჩენას, ბელგიელები ქართველ სამართალდამცავებს უმადლოდნენ.

ასევე ნახეთ “სიყვარულის მახვილი” - რას აკეთებს ირანული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი საქართველოში?