დააკავეს ნეონაცისტური ჯგუფის 16 წევრი, მათ შორის 10 არასრულწლოვანი - შსს

კადრები შსს-ს გავრცელებული ვიდეომასალიდან

პოლიციამ რადიკალური ფაშისტური (ნეონაცისტური) დაჯგუფების წევრობის ბრალდებით ქვეყნის მასშტაბით 16 ადამიანი დააკავა. მათ შორის 10 არასრულწლოვანია. ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა ბრიფინგზე.

„[დაკავებულები] ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე... ძალადობრივი ჯგუფის წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. გავლენების გაზრდისა და ცნობადობის მოპოვების მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ. განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ მათ, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა“, - თქვა მან.

Your browser doesn’t support HTML5

ფაშისტური დაჯგუფების წევრები დააკავეს

ვაჟა სირაძემ აღნიშნა, რომ ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებშიც ვრცელდებოდა. დაზარალებულია 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანია.

შსს საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საქართველოს კანონმდებლობით, არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობა ისჯება 10 წლამდე პატიმრობით.

ასევე ნახეთ ვინ არის 15 წლის ბიჭის წამების ორგანიზებაში ბრალდებული, რა კავშირი აქვს "ბერგმანთან", რას ამბობს ადვოკატი?

ვაჟა სირაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების ორი ლიდერი, ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი, მსგავსი ბრალდებით იხდის სასჯელს:

„მათთან ერთად ასევე დაკავებულია დაჯგუფებების კიდევ შვიდი წევრი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხსენებული იდეოლოგიის ჯგუფების სხვა წევრები აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რაც საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა“.

ასევე ნახეთ 15 წლის ბიჭის წამების საქმეზე პატიმრობა მიუსაჯეს 9 ბრალდებულს, მათ შორის, 6 არასრულწლოვანს