29 ოქტომბერს გზის გადაკეტვისთვის დღეს დააკავეს ნინო ბარძიმიშვილი

მთარგმნელსა და მოყვარულ მთამსვლელ ნინო ბარძიმიშვილს გზის გადაკეტვისთვის 5-დღიანი პატიმრობა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 23 დეკემბერს შეუფარდა.

მოკლედ

  • 16 იანვარს, შუადღისას დააკავეს მთარგმნელი და მოყვარული მთამსვლელი, ანტისამთავრობო გამოსვლების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ნინო ბარძიმიშვილი.
  • რუსთაველზე 29 ოქტომბერს გზის გადაკეტვის გამო, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 5-დღიანი პატიმრობა მას 23 დეკემბერს გამართულ პროცესზე შეუფარდა - თავად ნინო ამ სხდომას არ ესწრებოდა.
  • როგორც მისი ადვოკატი ციალა რატიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ბარძიმიშვილი რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორშია შესახლებული და თავს მხნედ გრძნობს.
ნინო ბარძიმიშვილი ერთხელ უკვე იყო დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - 19 ნოემბერს, მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე დაკავების შემდეგ მას მოსამართლე დავით მაკარაძემ ორდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

მას შემდეგ, რაც სასამართლომ გზის გადაკეტვის გამო 5-დღიანი პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო, ნინო ბარძიმიშვილს საპროტესტო აქციებზე სიარული არ შეუწყვეტია - რატომ აღასრულა შსს-მ მოსამართლის გადაწყვეტილება თითქმის ერთთვიანი დაყოვნებით, დაკავებულისა და მისი ადვოკატისთვის უცნობია.

რუსთაველზე, საპროტესტო აქციებზე გზის გადაკეტვის გამო ათობით ადამიანია გასამართლებული - სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით გამკაცრებული კანონების მიხედვით, ახლა დემონსტრანტებს უკვე პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომის გამოც ასამართლებენ.

ასევე ნახეთ ქეთევან ხუსკივაძეს ჯარიმა, ნინო ბარძიმიშვილს 2 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ
ასევე ნახეთ სიშიშვლე, უხერხულობა და ხათაბალად ქცეული მენსტრუაცია - ქალები იზოლატორებში