აღჭურვილობის გადაცემა, შსს-ის პრესცენტრის ცნობით, „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში“ მოხდა.
აღჭურვილობა აშშ-ის სამხედრო ჯგუფის (U.S. Military Group) წარმომადგენლებმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ალან პარსელთან ერთად გადასცეს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს (რომელიც ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული) და საგანგებოს უფროს თემურ მღებრიშვილს.
აშშ-ის სამხედრო ჯგუფი არის ზოგადი ტერმინი, რომელიც მიემართება სხვადასხვა ქვეყანაში შეერთებული შტატების საელჩოებში არსებულ სამხედრო სამოკავშირეო სამსახურებს.
შსს-ის ცნობითვე, შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის სამხედრო ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ენდრიუ ანდერვუდი, სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერი, მაიორი ალეკ ჰარისონი.
„ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გადმოცემული სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს მეხანძრე-მაშველების ოპერატიულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიან რეაგირებას“, - წერს შსს.
ამავე ცნობის თანახმად, საელჩოს წარმომადგენლებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრის შენობაც დაათვალიერეს და გაეცნნენ ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პროცესის სპეციფიკას.
დღეს დილასვე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პარსელი შეხვდა „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას - აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების შესახებ.
ასევე ნახეთ ლაშა დარსალია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა2025 წლის 24 დეკემბერს კი „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც მწვანე შუქი აუნთო აშშ-ის მიერ საქართველოსთვის 10 431 460 აშშ დოლარის გრანტის გაცემას.
დადგენილებაში წერია, რომ სამინისტრო - თავდაცვის სამინისტრო - გრანტის სახით კავშირგაბმულობის საშუალებებსა და სხვა სახის საქონელს მიიღებს.
ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგაც, თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში გრძელდება.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში:
- საქართველომ აშშ-ში დანიშნა ახალი ელჩი, თამარ ტალიაშვილი;
- 2025 წლის 6 მაისს კონგრესის ქვედა პალატამ მიიღო „მეგობარი აქტი“, თუმცა ანალოგიურ კანონპროექტს სენატში მსვლელობა აღარ მისცემია; მისი ჩართვა ვერ მოხდა ვერც „ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ (NDAA);
- ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ვაშინგტონი თბილისს ესაუბრება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესისას დონალდ ტრამპის მედიაციით ინიციირებულ „ტრამპის მარშრუტზე“.
- კერძოდ, 2025 წლის ნოემბერში, საქართველოს სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, უფროსი მრჩეველი, ჯონათან ასკონასი - იმის გასარკვევად, როგორ შეძლებს საქართველო მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP);
- ბოლოს, 2026 წლის 13 იანვარს, თბილისს ეწვია აშშ-ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს (USTDA) რეგიონული დირექტორი შუა აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და ევრაზიაში, კარლ კრესი.
- პარალელურად, გრძელდება ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების ნაწილის მხრიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკა.
- შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის ნოემბერში შეაჩერა.