Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელჩი ტალიაშვილი შეხვდა სენატორს, რომელიც აბრკოლებს "მეგობარი აქტის" მიღებას


თამარ ტალიაშვილი და სენატორი მარკვეინ მალინი
თამარ ტალიაშვილი და სენატორი მარკვეინ მალინი

საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი შეხვდა რესპუბლიკელ სენატორ მარკვეინ მალინს, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა აშშ-ში საქართველოს საელჩოს ფეისბუკის გვერდზე.

საელჩოს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები განიხილეს.

"ელჩმა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მხარდაჭერის კუთხით, სენატორი მალინის პირად წვლილს გაუსვა ხაზი და მის, როგორც საქართველოს ნამდვილი მეგობრის, მიმართ მადლიერება გამოხატა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, აქტუალურ მოვლენებსა და პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას. ასევე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით", - წერია აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოკლაჰომელი რესპუბლიკელი სენატორის, მარკვეინ მალინის აქტიური წინააღმდეგობის შედეგად, კონგრესმენ ჯო უილსონის ინიციატივის - „მეგობარი აქტის“ - „ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ (NDAA) ჩართვა ვერ მოხერხდა.

ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტო „როიტერსი“ იუწყებოდა, რომ ტეხასური ნავთობკომპანია „ფრონტერას“ თანადამფუძნებელი სტივ ნიკანდროსი აშშ-ის კონგრესმენებთან კერძო კომუნიკაციისას „ქართული ოცნების“ სასარგებლო ლობირებას ეწევა. მალინი და "ფრონტერა" წარსულში არაერთხელ გადაკვეთილან.

მალინი, - რომელიც წარსულში თბილისს აკრიტიკებდა ტეხასურ ნავთობკომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებით, - ამბობს, რომ მისი ახლანდელი პოზიცია არ უკავშირდება „ფრონტერას“ გაუმჯობესებულ ურთიერთობებს მთავრობასთან.

„ფრონტერასთან“ საარბიტრაჟო დავის დასრულებისა და მილიონობით აშშ დოლარის დახარჯვის შემდეგ, 2020 წელს, ხელისუფლებამ ჯერ კონტრაქტის შეწყვეტა დააპირა, თუმცა ეს გადაწყვეტილება აღარ მიიღო და მოლაპარაკებები გააგრძელა.

რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ამერიკულ კომპანიას საქართველოს მთავრობისათვის გადასახდელი აქვს 15,4 მილიონი ლარი, - ამ თანხას სახელმწიფო კორპორაცია „ამოუღებლად“ მიიჩნევს.

2025 წლის 6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act). („საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“).

კანონპროექტი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას. ამავდროულად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, დებს საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას.

აქტთან დაკავშირებით დარჩენილია კენჭისყრა სენატში.

საქართველო აშშ-ის ურთიერთობები მოკლედ

  • შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის ნოემბერში შეაჩერა;
  • მანამდე „აგენტების კანონის“ და „ქართული ოცნების" წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ;
  • სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო;
  • ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს არაერთ წარმომადგენელს;
  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა;
  • 2025 წლის 13 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს;
  • 28 მაისს შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. ივანიშვილმა საპასუხო წერილში საელჩოს განცხადებას „გაუგებარი“ უწოდა.
  • 1 სექტემბერს დონალდ ტრამპს წერილი მისწერა „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებულ სადავო პარლამენტში კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG