რუსეთის ვლადიმირის ოლქში დახურეს კოლონია, სადაც ნავალნი იხდიდა სასჯელს

ქალაქ პოკროვის სასჯელაღსრულების მე-2 კოლონიის შენობა

რუსეთში, ვლადიმირის ოლქის ქალაქ პოკროვში მდებარე სასჯელაღსრულების მე-2 კოლონია დაიხურა.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იქ თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა.

კოლონიის დახურვის შესახებ ინფორმაცია გამოცემა „ჩესნოკმა“ გაავრცელა.

ამ კოლონიაში მსჯავრდადებულების გაგზავნა 1996 წელს დაიწყო და მასში ათასამდე პატიმარი იყო ხოლმე მოთავსებული.

ნავალნი პოკროვის კოლონიაში 2021 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივნისამდე იყო. ამ კოლონიას მან „მეგობრული საკონცენტრაციო ბანაკი“ უწოდა.

„მე ჯერ არ მინახავს ძალადობა ან თუნდაც მასზე მინიშნება, თუმცა თუ ვიმსჯელებთ დაძაბული პოზებით პატიმრებისა, რომლებიც ყურადღებით დგანან და თავის მობრუნების ეშინიათ, ადვილად ვიჯერებ მრავალრიცხოვან ამბებს იმის შესახებ, თუ როგორ სცემდნენ აქ, პოკროვის სასჯელაღსრულების მე-2 კოლონიაში, ცოტა ხნის წინ ადამიანებს ხის ჩაქუჩებით ნახევრად სიკვდილამდე. ახლა მეთოდები შეიცვალა და, გულწრფელად რომ ვთქვა, არც კი მახსოვს ადგილი, სადაც ყველა ასე თავაზიანად და, გარკვეულწილად, ასე მეგობრულად საუბრობს“, - წერდა პოლიტიკოსი.

ნავალნის გარდა, პოკროვის კოლონიაში სასჯელს იხდიდნენ ყოფილი რეგიონული დეპუტატი ალექსეი გორინოვი, ნაციონალისტი დიმიტრი დემუშკინი და აქტივისტი კონსტანტინ კოტოვი.

2024 წლის დეკემბერში პოლიტიკოსის ქვრივმა იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლებმა ფარული კამერით ჩაიწერეს ნავალნის შეხვედრები თავის ადვოკატებთან.

BBC-ს რუსული სამსახურისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ 2021 წლის აგვისტოში უწყების ოპერატიულმა თანამშრომლებმა პოლიტიკოსის ადვოკატების მოსმენა დაიწყეს და სასამართლომ უკვე დაამტკიცა ნავალნის ყველა მოკლევადიანი ვიზიტის გადაღება და ჩაწერა 2021 წლის მაისში.

ნავალნი 2025 წელს, სხვადასხვა კოლონიაში ყოფნის შემდეგ, რუსეთის
ჩრდილოეთში, ხარპის კოლონიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ნავალნის ქვრივმა მოგვიანებით გამოაცხადა, რომ მისი ქმარი მოწამლეს, რასაც უცხოეთის ლაბორატორიები ადასტურებენ.