ფაშისტური დაჯგუფების წევრებს პატიმრობა შეეფარდათ

რადიკალური ფაშისტური (ნეონაცისტური) დაჯგუფების წევრებს, ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 16 ადამიანს, მათ შორის 10 არასრუწლოვანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა, რადგან დაკავებულების ნაწილი არასრუწლოვანია.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით:

  • 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რასაც ახლავს ძალადობა და მასში მონაწილეობა) - გათვალისწინებულია 6-დან 9 წლამდე სასჯელი;
  • 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძარცვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) - 5-დან 8 წლამდე პატიმრობა;
  • 144-ე პრიმა მუხლის მორე ნაწილის „ზ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) - 12 წლამდე პატიმრობა (არასრულწლოვანთა კოდექსის მიხედვით).


მათი დაკავების დღეს, 16 იანვარს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით.

Your browser doesn’t support HTML5

ფაშისტური დაჯგუფების წევრები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ისინი განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე, ხოლო შემდეგ მათზე ძალადობის და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტოვიდეომასალას სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმაზე აქვეყნებდნენ.

შსს-ს ცნობით, დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი.

ასევე ნახეთ ვინ არის 15 წლის ბიჭის წამების ორგანიზებაში ბრალდებული, რა კავშირი აქვს "ბერგმანთან", რას ამბობს ადვოკატი?