სომხეთის პარლამენტის სპიკერმა დუგინი და სოლოვიოვი შეურაცხმყოფელი ეპითეტით მოიხსენია

ალენ სიმონიანი, სომხეთის პარლამენტის სპიკერი

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა შეურაცხმყოფელი ეპითეტით მოიხსენია ულტრაკონსერვატორი ფილოსოფოსი, იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი და პროკრემლისტური ტელეწამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი. მანამდე სოლოვიოვის განცხადების გამო სომხეთში რუსეთის ელჩს ნოტა გადასცეს.

სიმონიანი მედიასთან საუბარში „ტრამპის მარშრუტზე“ (TRIP) საუბრობდა, რა დროსაც თქვა, რომ ყველა მხარს უჭერს პროექტს, გარდა შიდა ოპოზიციისა და რუსი პროპაგანდისტებისა. რუსეთის ხელისუფლებასაც კი საჯაროდ არ გამოხატავს უარყოფითი შეხედულებები.

„არავითარი განსხვავება. ისინი ორივე... რუსულ ენაში კარგი გამოთქმა არსებობს, მაგრამ არ მინდა ეთერში თქმა, ისინი ორივე [განავალია] ჯოხზე, ისინი ჩემთვის არაფრით განსხვავდებიან და კომენტარის გაკეთება არ მინდა“, - განაცხადა სიმონიანმა და პირობა დადო, რომ საჭიროების შემთხვევაში თავის აზრს რუს კოლეგებს გადასცემს. მისი სიტყვებით, ასეთი შესაძლებლობა მალე ექნება, რადგან მიწვეულია მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის ვალენტინა მატვიენკოს მიერ.

კომენტარისას სიმონიანმა სამჯერ გაიმეორა „ჯოხთან“ შედარება, წერს სააგენტო news. Am

"განავალი ჯოხზე" იდიომია, რაც უვარგისს, გამოუსადეგარს ნიშნავს.

ვლადიმირ სოლოვიოვმა გადაცემაში „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად“ თქვა, რომ სხვა ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში, უკრაინის მაგალითზე, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარებაა საჭირო. ოფიციალური მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს.

ასევე ნახეთ კრემლის პროპაგანდისტ სოლოვიოვის გამონათქვამის გამო სომხეთში რუსეთის ელჩს ნოტა გადასცეს


ასევე ნახეთ როგორ მუშაობს „რუსკი მირის“ პროპაგანდა საქართველოსა და სომხეთში