დავოსში შეხვედრებზე ილჰამ ალიევს თან ახლავს ვაჟი, ჰეიდარ ალიევი უმცროსი

დავოსში ილჰამ ალიევის შეხვედრების ნაწილს მისი 28 წლის ვაჟი, ჰეიდარ ალიევი უმცროსი, ესწრება.

შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მათ შორის კულუარულ შეხვედრებზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს თან ახლავს ვაჟი, ჰეიდარ ალიევი უმცროსი. ის აზერბაიჯანის მთავრობაში რაიმე ფორმალურ თანამდებობას არ იკავებს.

დავოსში ასევე ჩავიდა ალიევის მეუღლე, ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა.

28 წლის ჰეიდარ ალიევი დაესწრო ილჰამ ალიევის შეხვედრებს დავოსის ეკონომიკური ფორუმის კულუარებში სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებთან:

  • Carlsberg Group-ის - მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი დანიური ლუდსახარში კომპანიის - მთავარ აღმასრულებელ ოფიცერთან;
  • ბრაზილიური საინვესტიციო ბანკ BTG Pactual-ის ბორდის თავმჯდომარესთან;
  • Vestas Wind Systems-ის -- ქარის ტურბინების მწარმოებელი დანიური ფირმის - მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულების დირექტორთან.
  • დუბაის ლოჯისტიკური გიგანტის, პორტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოპერატორის, DP World-ის მთავარ აღმასრულებელ ოფიცერთან.

ილჰამ ალიევი ასევე შეხვდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ ღებრეისუსს, თუმცა ადმინისტრაციის გავრცელებულ ფოტოებში მხოლოდ ალიევი და ღებრეისუსი ჩანან. სხვა დამსწრეები იყვნენ თუ არა, ან იყო თუ არა მათ შორის ალიევის ვაჟი, უცნობია.

ჰეიდარ ალიევი უმცროსი არ დასწრებია მამის შეხვედრებს ფინეთის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ სტუბთან და არც ერაყის ქურთისტანის პრემიერ-მინისტრთან. სხვა შეხვედრები გრძელდება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრებს მისი შვილი ესწრება.

ის ესწრებოდა ილჰამ ალიევის შეხვედრას არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანსა და მის ოჯახთან 2024 წლის 9 იანვარს.

ასევე ნახეთ ილჰამ ალიევის ვაჟი ოფიციალურ შეხვედრებზე - ის გააგრძელებს „ალიევების დინასტიას“?