ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის მხარდასაჭერი ბრიფინგი გაიმართა

მხარდასაჭერი ბრიფინგი პენიტენციურ სამსახურთან

იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ სამსახურთან პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის მხარდასაჭერი ბრიფინგი გაიმართა. მოძრაობა „300 ქალის“ თქმით, ამ ორი ქალი პატიმრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია, სწორედ ამიტომ 27 იანვარს აქცია გაიმართება.

„პენიტენციური სამსახური თვეებია არ რეაგირებს. არ არსებობს წერილობითი პასუხები. არ ტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევები და ორივე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება“, - თქვეს პენიტენციურ სამსახურთან შეკრებილებმა.

მათვე აღნიშნეს, რომ ქვეყანაში ასზე მეტი პოლიტპატიმარია, რომელთა შორის არიან ქალებიც: მზია ამაღლობელი, ელენე ხოშტარია, თამარ ლორთქიფანიძე, ნანა სანდერი, ანასტასია ზინოვკინა:

„ტროტუარზე დგომისთვის შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნა დაემუქროს სხვა ქალებსაც“.

ასევე ნახეთ ანასტასია ზინოვკინა - რატომ ჩათვალა „საიდუმლო სხდომამ“ რომ ის საშიშროების რისკს ქმნის?

ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის მხარდამჭერები 18 იანვარს რუსთავის ქალთა მეხუთე ციხესთანაც იმყოფებოდნენ. მათ განცხადებით მიმართეს დაწესებულების ხელმძღვანელ ნესტან ვერულაშვილს.

„გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია ქალი პატიმრებისთვის - კერძოდ, ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან შემაშფოთებელი და საყურადღებოა. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ვერ იღებენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას ციხის პირობებში. მათი წერილებითა და სატელეფონო საუბრებით ჩვენ ვიგებთ და ვისმენთ, რომ აუტანელია მათი ყოფა საკნებში და მათდამი გულგრილი დამოკიდებულება აშკარაა“, - ეწერა საპროტესტო მოძრაობა „300 ქალის“ წერილში.

ასევე ნახეთ „იმოქმედეთ“ – მოძრაობა ,,300 ქალი" ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის გამო ქალთა ციხის უფროსს მიმართავს 
  • თვეებია, ანასტასია ზინოვკინა ციხეში გაუსაძლის პირობებზე ლაპარაკობს და დახმარებას ითხოვს - მას და არტემ გრიბულს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს, 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვთ მისჯილი.
  • 13 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე საპატიმროში არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა 2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციასთან დაკავშირებით დაკავებულმა ნანა სანდერმა.