„აღნიშნული თანხა მიღებული იყო საგრანტო პროექტის ფარგლებში და არ წარმოადგენდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ გამონაკლისს, როგორიცაა კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა ან პროგრამაში პროდუქტის განთავსება“, - წერია კომუნიკაციების კომისიის გავრცელებულ განცხადებაში.
„რადიო მარნეულის“ დამფუძნებელი კამილა მამედოვა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გრანტი მათი შემოსავლის ძირითადი წყარო იყო, ახალი კანონით კი ამ დაფინანსების გზები გადაიკეტა.
„მათი გაგებით, ჩვენ ვარღვევთ კანონს, რადგან უცხოური დაფინანსება გვიფიქსირდება“, - ამბობს ის და დასძენს, რომ უკვე უსრულდებათ საგრანტო ხელშეკრულებები, კომერციული შემოსავლები კი მიზერულია (სამ თვეში 1000 ლარამდე).
გაფრთხილება სანქციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც კომუნიკაციების კომისია მაუწყებლების მიმართ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი ირღვევა. ბოლო რამდენიმე თვეში „რადიო მარნეულმა“ უკვე მეორე გაფრთხილება მიიღო. პირველ შემთხვევაში „დოიჩე ველესგან“ მიღებული გრანტის გამო.
სადავო პარლამენტმა გასულ წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა და 2025 წლის 1 აპრილიდან მაუწყებლებს „უცხოური ძალებისგან“ დაფინანსების მიღება აეკრძალათ. გამონაკლისია კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება.
ამავე კანონით, აკრძალულია „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, პროგრამის მომზადების თუ ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება და თანადაფინანსებაც. უცხოურ ძალად მიიჩნევა საერთაშორისო პარტნიორებიც და ორგანიზაციებიც.
„რადიო მარნეული“ BBC-ს დაფინანსებული იმ პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომლის მიზანიც რეგიონული მედიასაშუალებების განვითარებაც იყო. 2007 წელს დარეგისტრირებულ კომპანიას მაუწყებლობის უფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ აძლევდნენ. კამილა მამედოვა ამბობს, რომ მიდგომები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიცვალა და მაუწყებლობა 2016 წლიდან დაიწყეს. ახლა ამავე პარტიის მიღებული კანონით მათ დაფინანსების მიღება ეზღუდებათ.