ტროტუარზე პროტესტისთვის დიმიტრი ჯამბურიას 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

დიმიტრი ჯამბურია

მოსამართლე დავით მაკარიძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის დარღვევისთვის, ტროტუარზე დგომის გამო დიმიტრი ჯამბურიას 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ჯამბურია სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა.

„სამსახური აქვს და ვერ ცხადდება დღეს, წინა შემთხვევაშიც გათავისუფლება მოუწია“, - თქვა მისმა ადვოკატმა ანა გეწაძემ სხდომაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დიმიტრი ჯამბურიას პარლამენტთან მიმდინარე პროდასავლურ აქციაზე ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

დღეს იმავე საქმეზე მოსამართლე დავით მაკარიძემ 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა სანდრო მეგრელიშვილს. ის პირველია, ვისაც გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობა შეუფარდეს.

ასევე ნახეთ 4-დღიანი პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - სანდრო მეგრელიშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

22 იანვარს, მსგავს საქმეზე აქტივისტი რეზი დუმბაძე მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა.

კოდექსის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.

  • საქართველოში უწყვეტი დემონსტრაციები გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ - მან თქვა, რომ ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს.
  • მას შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლება ახალი კანონებით არაერთხელ შეზღუდა. მათ შორის აკრძალა აქციაზე პირბადით მისვლა, პიროტექნიკის გამოყენება, შემოიღო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის.
  • ტროტუარზე პროტესტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 10-ზე მეტ ადამიანს შეუდგინა. თუმცა სასამართლოს ამ დრომდე სამართალდამრღვევად არავინ ჰყავდა გამოცხადებული.

სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონები, რომლებიც დემონსტრაციებს შეეხება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არ არის განჭვრეტადი.