აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის "ჩრდილოვან ფლოტს" დემონსტრაციების წინააღმდეგ რეპრესიების გამო

აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის "ჩრდილოვან ფლოტს", დემონსტრაციების წინააღმდეგ რეპრესიების გამო, 2026 წლის 23 იანვარი (საილუსტრაციო ფოტო)

აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" ცხრა ტანკერს და მათთან დაკავშირებულ რვა კომპანიას. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, შეზღუდვები შემოიღეს ირანში საპროტესტო დემონსტრაციების მიმართ გატარებული სასტიკი რეპრესიების გამო.

სიაში მოხვედრილი ტანკერები დაცურავენ პალაუს, კომორის კუნძულებისა და პანამის დროშებით. შეზღუდვები შეეხო იმ კომპანიებსაც, რომლებიც ამ ხომალდებს ფლობენ, ან მათ მართავენ. ეს კომპანიები რეგისტრირებულია ინდოეთში, ლიბერიაში, ომანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ასევე მარშალის კუნძულებზე და სეიშელის კუნძულებზე.

გავრცელებული ცნობებით, ამ ხომალდებს და კომპანიებს კავშირი აქვთ ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვებთან. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ამ მოგებას, რომელიც წესით ირანელ ხალხს ეკუთვნის, ხელისუფლება ხარჯავს "რეგიონული ტერორისტული დაჯგუფებების, შეიარაღების პროგრამების და უშიშროების სამსახურების დაფინანსებაზე".

"დღევანდელი სანქციები მიემართება უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რომლითაც ირანი მოიპოვებს სახსრებს და იყენებს რეპრესიებისთვის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. როგორც აქამდეც განისაზღვრა, ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს თვალის მიდევნებას ათობით მილიონი დოლარისთვის, რომლებიც რეჟიმმა მოიპარა და ძალიან ცდილობს ისინი ირანის გარეთ მდებარე ბანკებში გადარიცხოს", - აცხადებს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი.

ირანში საპროტესტო აქციები დეკემბრის ბოლოს დაიწყო და კულმინაციას მიაღწია იანვრის პირველ ნახევარში. თავიდან აქციების მონაწილეები გამოდიოდნენ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებული მოთხოვნებით, თანდათანობით პროცესი ანტისამთავრობო აქციებში გადაიზარდა.

ირანში უკვე ორი კვირაა გათიშულია ინტერნეტი, არ არსებობს ზუსტი მონაცემები არც დაშავებულ დემონსტრანტთა რაოდენობაზე, არც მსხვერპლის რიცხვზე - რომელიც, არაერთი შეფასებით, ათასობით მოკლულს უტოლდება. აშშ-ში განთავსებული უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA-ის თანახმად, დადასტურებულია 4 900-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი, დემონსტრაციებთან კავშირით.

15 იანვარს აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის ხუთ ჩინოვნიკს, რომლებსაც ბრალი დასდო დემონსტრაციების ჩახშობასთან კავშირში. სანქციათა ნუსხაში მოხვდა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი. შეზღუდვები ასევე შეეხო პოლიციის რეგიონული განყოფილებების ოთხ ხელმძღვანელს და ლორესტანისა და ფარსის პროვინციებში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალთა მეთაურებს.

ასევე ნახეთ აშშ-მა ირანელ ჩინოვნიკებს სანქციები დაუწესა დემონსტრაციების ჩახშობისთვის