აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ეროვნული თავდაცვის ახალი სტრატეგია. მასში ნათქვამია, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში ნატოს წევრი აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის „მუდმივ, მაგრამ მართვად საფრთხედ“ დარჩება.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სხვადასხვა დემოგრაფიულ და ეკონომიკურ პრობლემას განიცდის, უკრაინაში მიმდინარე ომი აჩვენებს, რომ მას კვლავაც აქვს მნიშვნელოვანი სამხედრო და სამრეწველო ძალა“, ნათქვამია დოკუმენტში.
სტრატეგიის თანახმად, პენტაგონი „უზრუნველყოფს აშშ-ის ჯარების მზადყოფნას, რათა რუსეთის მხრიდან საფრთხისგან დაიცვან შეერთებული შტატების ტერიტორიები“ და „განაგრძონ ნატოში მნიშვნელოვანი როლის თამაში“ მიუხედავად „ევროპულ თეატრში“ აშშ-ის პოზიციის კორექტირებისა.
„მოსკოვი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ევროპაში ჰეგემონიის პრეტენზიას აცხადებდეს. ევროპული ნატო რუსეთს აღემატება ეკონომიკის, მოსახლეობისა და, შესაბამისად, დაფარული სამხედრო ძალის მასშტაბებით“, წერია დოკუმენტში.
სტრატეგიის ცალკე თავი ეთმობა ჩინეთსაც. მასში ის აღწერილია, როგორც „მსოფლიოში სიძლიერით მეორე ქვეყანა“, რომელიც „მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამორჩება“. დოკუმენტის თანახმად, პენტაგონის ერთ-ერთი მიზანია ჩინეთის შეკავება ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში „ძალით და არა კონფრონტაციით“.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ძალიან სერიოზული შიდა ეკონომიკური, დემოგრაფიული და სოციალური გამოწვევების წინაშე დგას, ფაქტი ფაქტად რჩება: მისი ძალა იზრდება [...]. ჩინეთს შეუძლია კიდევ უფრო მეტი დახარჯოს თავის სამხედრო ძალებზე, თუ ამას მოინდომებს - და მან აჩვენა, რომ ამის გაკეთება ეფექტიანად შეუძლია“, ნათქვამია სტრატეგიაში.
სტრატეგიის თანახმად, პენტაგონმა უნდა „შეინარჩუნოს სამხედრო ძალის ხელსაყრელი წონასწორობა ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში“, რათა თავიდან აიცილოს ჩინეთის დომინირება. „ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონი მალე მსოფლიო ეკონომიკის ნახევარზე მეტს შეადგენს. ამიტომ ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება, თავისუფლება და კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია ჩვენს უნართან, ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ძალის პოზიციიდან ვივაჭროთ და ვიმოქმედოთ“, ნათქვამია დოკუმენტში.
ეროვნული თავდაცვის სტრატეგია, ისევე როგორც თეთრი სახლის მიერ ადრე გამოქვეყნებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, აგებულია პოსტულატზე „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. ყურადღების ცენტრშია შიდა უსაფრთხოება და მოკავშირეებისთვის დახმარების შემცირება.
ასევე ნახეთ „სამყარო იცვლება“- აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია და საქართველოს არჩევანი