ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ბიურომ დაამტკიცა რუსეთის დემოკრატიული ძალების პლატფორმის შემადგენლობა. ის ევროპელ პარლამენტარებთან დიალოგს გამართავს.
პლატფორმა 10 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან იურისტი და რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი მარკ ფეიგინი, ოპოზიციური პოლიტიკოსები ვლადიმირ კარა-მურზა და მიხაილ ხოდორკოვსკი, მსოფლიო ყოფილი ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი, ადამიანის უფლებათა ცენტრ „მემორიალის“ თანათავმჯდომარე ოლეგ ორლოვი და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის ყოფილი თანამშრომელი ლიუბოვ სობოლი.
პლატფორმას ასევე შეუერთდა რუსეთის მკვიდრი ხალხების ხუთი წარმომადგენელი.
პლატფორმას უხელმძღვანელებს PACE-ს პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი. ასევე მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის, ესპანეთის, უნგრეთის, რუმინეთის და კვიპროსის წარმომადგენლები.
რუსეთის დემოკრატიულ ძალებთან დიალოგის პლატფორმის შექმნის შესახებ რეზოლუცია PACE-მ 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისში მიიღო. მასში ნათქვამია, რომ PACE-ს რუსეთის ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებთან კომუნიკაცია „განსხვავებული ფორმატებიდან სტრუქტურირებულ დიალოგზე“ გადააქვს.
PACE-ს პლატფორმაში მონაწილეობის ერთ-ერთი კრიტერიუმია „ბერლინის დეკლარაციის“ ხელმოწერა, რომელიც რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა 2023 წელს მიიღეს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმა ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ რომ დეკლარაცია მანიპულირების ინსტრუმენტს წარმოადგენს.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის პოლიტიკური პროექტების ხელმძღვანელმა, ლეონიდ ვოლკოვმა, რეზოლუციის მიღების შემდეგ PACE გააკრიტიკა. მან ასევე განაცხადა, რომ „PACE-ს მნიშვნელობა უკიდურესად შეზღუდულია“, მაგრამ „ზოგიერთი კოლეგა“ მიიჩნევს, რომ ასამბლეა „კვლავ მნიშვნელოვანია“. შესაძლოა, ვინმე თვლის, რომ PACE-ს მოსმენების მეშვეობით შეუძლია რაღაცის მიღწევა. ვიღაცას კი ძალიან სურს რაიმე სახის რწმუნებათა სიგელები, ფორმალური სტატუსი, სავიზიტო ბარათზე რაღაცის დაწერის შესაძლებლობა“, წერს ვოლკოვი.
ასევე ნახეთ მოსკოვში მეოთხედ გაანადგურეს ანა პოლიტკოვსკაიას მემორიალური დაფა