ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს - რა ვიცით ილია ღუდუშაურზე

ილია ღუდუშაური ზურაბ აზარაშვილის მოადგილე იყო.

„ფინანსურმა პოლიციამ“ წუხელ, 26 იანვარს, დააკავა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ილია ღუდუშაური.

ტვ "პირველის" მიერ გავრცელებული ცნობები მისი დაკავების შესახებ რადიო თავისუფლებას მისმა ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა დაუდასტურა.

ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით არ იცის დეტალები და დაკავებული ელის ბრალის წარდგენას.

რადიო თავისუფლება ცდილობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებას, თუმცა პრესცენტრში ჯერჯერობით ზარს არ პასუხობენ.

ღუდუშაური თანამდებობებზე

  • ილია ღუდუშაური მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დანიშნა მოადგილედ 2022 წლის 3 იანვარს.
  • აზარაშვილი, თავის მხრივ, 2021 წელს დანიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.
  • აზარაშვილმა პოსტი 2024 წლის 1 მარტს დატოვა „ირაკლი კობახიძესთან საუბრის შემდეგ“ - მისი გადადგომა კობახიძის გაპრემიერების შემდეგ პირველი საკადრო ცვლილება იყო მთავრობაში.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილის მოყვანილი და კობახიძის გაშვებული - რა თქვა და რა მიანიშნა აზარაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ

მინისტრის მოადგილეობამდე რამდენიმე წლით ადრე, 2017-18 წლებში, ილია ღუდუშაური იკავებდა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც.

ღუდუშაურის ძმა - ბრალდებული კორუფციის საქმეზე

ახლახან დაკავებული ილია ღუდუშაურის ძმა არის ვლადიმერ ღუდუშაური, - ისიც ყოფილი მაღალჩინოსანია, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.

ბრალი მასაც აქვს წარდგენილი და ოქტომბრიდან გირაოთია გათავისუფლებული.

ღუდუშაური ერთ-ერთი პირველი იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო გარემოცვიდან, რომელიც დააკავეს.

გიორგი ხაინდრავა (მარცხნივ, ასევე ბრალდებული ამ საქმეზე) და ვლადიმერ ღუდუშაური ხვდებიან ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლებს. 2024 წლის 12 იანვარი

ბრალდება ეხება „დიდი რაოდენობით თანხის“ - 1 333 728 ლარის - გაფლანგვას. საუბარია თავდაცვის სამინისტროსათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვაზე.

  • ვლადიმერ ღუდუშაური თავდაცვის სამინისტროში 2019 წლიდან მუშაობდა.
  • მანამდე ის საქართველოს დაზვერვის სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროში მსახურობდა.
  • 2019-21 წლებში იყო სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2021-24 წლებში კი - დეპარტამენტის უფროსი.
ასევე ნახეთ „გარანტირებული“ ₾1.3 მილიონი - რა ვიცით თავდაცვის ექს-მინისტრ ბურჭულაძის გარემოცვის დაკავებაზე