ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

ნანა სანდერისა და ანასტასია ზინოვკინას მხარდამჭერი აქცია.

იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ სამსახურთან დღესაც შეიკრიბნენ პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის მხარდამჭერები და მოითხოვეს მათი სამედიცინო საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გადაცემა. აქციის მონაწილეებს დღის ბოლოს ამ უწყების სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელიც შეხვდა.

„სოლიდარობა გადამწყვეტია“, „უმკურნალეთ ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერს“, „ჯანმრთელობა პატიმრის უფლებაა“ - ამ შინაარსის პლაკატები ეკავათ ხელში დემონსტრანტებს.

„მთავარი მოთხოვნაა, ანასტასია ზინოვნიკასა და ნანა სანდერის პრობლემები მოგვარდეს და პენიტენციურმა სამსახურმა ადვოკატებს მიაწოდოს ყველას ის ინფორმაცია, რაც მათი ჯანმრთელობას შეეხება. ადვოკატებს დღემდე არ აქვთ მიწოდებული ფორმა 100 და არ არსებობს ამოწურული ინფორმაცია იმის შესახებ, რა დიაგნოზები აქვთ ამ ადამიანებს და როგორ უნდა განხორციელდეს მკურნალობა მათ მიმართ“, - უთხრა აქციაზე მყოფმა ქალთა უფლებებზე მომუშავე იდა ბახტურიძემ რადიო თავისუფლებას.

მისი ინფორმაციით, პენიტენციურმა სამსახურმა აქციის მიმდინარეობის დროს გამოთქვა მზაობა, მოთხონილი ინფორმაცია მიაწოდონ ადვოკატებს.

მოძრაობა „300 ქალი“ ამ ორი ქალი პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღებასა და საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებას ბოლო რამდენიმე კვირაა ითხოვს.

ასევე ნახეთ

ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის მხარდასაჭერი ბრიფინგი გაიმართა

ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის მხარდამჭერები 18 იანვარს რუსთავის ქალთა მეხუთე ციხესთანაც იმყოფებოდნენ. მათ განცხადებით მიმართეს დაწესებულების ხელმძღვანელ ნესტან ვერულაშვილს.

„გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია ქალი პატიმრებისთვის - კერძოდ, ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან შემაშფოთებელი და საყურადღებოა. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ვერ იღებენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას ციხის პირობებში. მათი წერილებითა და სატელეფონო საუბრებით ჩვენ ვიგებთ და ვისმენთ, რომ აუტანელია მათი ყოფა საკნებში და მათდამი გულგრილი დამოკიდებულება აშკარაა“, - ეწერა საპროტესტო მოძრაობა „300 ქალის“ წერილში.

ასევე ნახეთ

„იმოქმედეთ“ – მოძრაობა ,,300 ქალი" ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის გამო ქალთა ციხის უფროსს მიმართავს 
  • თვეებია, ანასტასია ზინოვკინა ციხეში გაუსაძლის პირობებზე ლაპარაკობს და დახმარებას ითხოვს - მას და არტემ გრიბულს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს, 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვთ მისჯილი.
  • 13 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე საპატიმროში არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა 2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციასთან დაკავშირებით დაკავებულმა ნანა სანდერმა.