თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ელჩის დანიშვნის ბრძანებას 26 იანვარს მოაწერა ხელი - საქართველოში იგზავნება კარიერული დიპლომატი, 68 წლის მიხაილო ბროდოვიჩი. სხვადასხვა წყაროს თანახმად, ის უკრაინის დიპლომატიური კორპუსის „ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, თვალსაჩინო და წარმატებული“ წარმომადგენელია:
- ელჩი ბროდოვიჩი 1996 წლიდან მუშაობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში - სხვადასხვა პოსტზე, დიპლომატიური ხაზით - საკონსულო სამსახურში;
- 1998-2002 წლებში - კონსულის პოზიციაზეა თურქეთში [სტამბოლში], უკრაინის გენერალურ საკონსულოში;
- 2005-2010 წლებში - უკრაინის გენერალური კონსულია პოლონეთში [კრაკოვი];
- 2010-2015 წლებში - ბროდოვიჩი საგანგებო დავალებათა ელჩია, უძღვება საგარეო უწყების პროტოკოლის დეპარტამენტს;
- 2015-2022 წლებში უკრაინას, ელჩის რანგში, სლოვენიაში წარმოადგენს.
- თავისუფლად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და პოლონურ ენებს.
ფეისბუკის პირად გვერდზე მიხაილო ბროდოვიჩს ბევრი ულოცავს, კომპლიმენტებს უწერენ და წარმატებებს უსურვებენ. მეგობრები იმასაც სწერენ, რომ ამიერიდნ მისგან ქართულ ღვინოს ელოდებიან.
მიხაილო ბროდოვიჩი - უკრაინის ახალი ელჩი საქართველოში
რატომ გადაწყვიტა ელჩის დანიშვნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ 4-წლიანი პაუზის შემდეგ და სწორედ ახლა, როცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში გაუმჯობესება არ ჩანს, უფრო პირიქით.
“არ არის ნორმალური სიტუაცია, როდესაც საქართველოში უკრაინის ელჩის ადგილი წლების განმავლობაში თავისუფალია. თუკი ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, უნდა არსებობდეს ვიღაც - ვინც ამ ურთიერთობებს, სულ მცირე, წინ წასწევს. მართალია, ჩვენს [უკრაინასა და საქართველოს] შორის ურთიერთობების დონე, წლების განმავლობაში ძალიან შორს იყო ნორმალურისგან… მაგრამ ახალ ელჩს კარგად ვიცნობ, ის მეტად პროფესიონალი, უმაღლესი რანგის დიპლომატია და შეეცდება გამონახოს ახლებური მიდგომები ურთიერთობების გასაუმჯობესებლად”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვოლოდიმირ ოჰრიზკო, უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.
“უნდა გავიხედოთ ცოტა უფრო შორს… რუსეთი ახლა იმდენი პრობლემის წინაშე დგას, რომ არ მგონია - გადარჩეს, როგორც ქვეყანა. ხოლო ჩვენ უნდა ვიყოთ სულ მცირე ერთი ნაბიჯით წინ - უნდა განვჭვრიტოთ, რა ხდება და მოვემზადოთ ამ პერიოდისთვის”, - გვეუბნება ოჰრიზკო.
ის თავს იკავებს “ქართული ოცნების” პოლიტიკის შეფასებისგან და მოკლედ აღნიშნავს, რომ - “ოცნებები სხვადასხვა დროს იცვლება და საბოლოოდ, ყველა ოცნება ქართველ და უკრაინელ ხალხს მოემსახურება”.
ასევე ნახეთ მეორე ფრონტი რომ ვერ გახსნეს, გადატვირთვა დაიწყეს - მაჭარაშვილი უკრაინის მიერ ელჩის დანიშვნაზე ასევე ნახეთ ცუდი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში - უკრაინის საგარეო მინისტრმა თბილისის ბრალდებას უპასუხაერთი მხრივ, ურთიერთობების გაუმჯობესების იმედზე ლაპარაკობენ, მაგრამ ძირითადად - უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნას ხისტი განცხადებებით ეხმაურებიან თბილისიდან.
მთავარი სამიზნე - პრეზიდენტი ზელენსკია.
სადავო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა “იმედის” ეთერში თქვა, რომ თავად პრეზიდენტ ზელენსკი “უმძიმეს და ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება”, კიევისგან საქართველოს "კარგი არაფერი" ახსოვს, ხოლო თავად ადამიანურ სიბრალულსაც გრძნობს იმაზე ფიქრისას - “როგორ შევა ის [ზელენსკი] ქვეყნის ისტორიაში, რა დამართა მან უკრაინას, რა ელის უკრაინას მომავალში”.
„უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია. ჩვენ ვხედავთ, რომ მას უკვე ხშირად ახსენებენ, მათ შორის ევროპელი ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები, რომ მას ომი წაგებული აქვს. რომ ის თანხები, რომელიც ამ ომის გამოსაკვებად მიდიოდა მასთან დიდი კორუფციული სქემის ნაწილია”, - თქვა წილოსანმა.
თანაც აღნიშნა, რომ ახალი ელჩის დანიშვნის გადაწყვეტილება მისთვის ნიშანია, რომ - ზელენკიმ პოლიტიკა შეცვალა და “იმედია, ეს ადამიანი კეთილგონივრულად მოექცევა საკუთარ ქვეყანას და ეს კეთილგონიერება საქართველოსთვისაც სასარგებლო იქნება”.
კორუფციულმა სკანდალმა მნიშვნელოვნად შეარყია უკრაინის ხელისუფლების იმიჯი, თუმცა თავად პრეზიდენტი ზელენსკი კორუფციაში არ არის დადანაშაულებული. ამ სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა ანდრი ერმაკი - უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი; გაათავისუფლეს ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშჩენკო და სხვა მაღალჩინოსნები. დააკავეს არაერთი, მათ შორის - ყოფილი ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშოვი.
კორუფციასთან დაუძინებელი ბრძოლით ხსნის თავად “ქართული ოცნება” თანაგუნდელების - მაღალი და უმაღლესი რანგის ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერასა და გასამართლებას. მათ შორის - ფულის გათეთრების ბრალდებით არიან დაკავებული ორგზის ყოფილი პრემიერი, სუსის უფროსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს სახლში 6.5 მილიონი დოლარი აღმოუჩინეს.
“ქართული ოცნების” პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან კიევის მიმართ ნაცნობი ბრალდებებზე ილაპარაკა - უკრაინას ხელისუფლებამ საქართველოს ომში ჩართვა სცადა და უჭირს იმის თქმა, რა მიზნებით აგზავნის ზელენსკი ახალ ელჩს.
„ძალიან მძიმე იყო პერიოდი, როდესაც ზელენსკი გამოჩნდა რადიკალების ორგანიზებულ მიტინგებზე, როდესაც ხალხს მთავრობასთან დაპირისპირებაზე მოუწოდა, როდესაც ელჩი იმიტომ გაიწვია, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო. უკრაინულ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ძალიან მძიმე მემკვიდრეობაა დღემდე. ეს მათივე მიზეზითაა შექმნილი…” - ამბობს ვოლსკი.
უკრაინაზე თავდასხმისა და ბრძოლის გაჩაღების გამო “ქართული ოცნება” არა რუსეთის ფედერაციას, არამედ თავად უკრაინას ადანაშაულებს. “ოცნების” მაღალჩინოსნებს არაერთხელ უთქვამთ, რომ -“უკრაინას ომის თავიდან აცილება შეეძლო” და "დიპ სტეიტის" გეგმით - “უკრაინა პაიკად გამოიყენეს”. პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსაც აქვს ნათქვამი, რომ „დიპ სტეიტის” დაკვეთით დაიწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც და რუსეთის უკრაინაში გაჩაღებული ომიც.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის [“შინ ევროპისკენ"] მონაწილეებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ დისტანციურად, 2022 წლის 24 ივნისს, მიმართა. მან თქვა, რომ არავინ უნდა დაივიწყოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, მადლიერია ქართველი ჯარისკაცების - რომლებიც უკრაინელებს რუსეთთან ომში ეხმარებიან, იმედს გამოხატა - რომ საქართველო და უკრაინა ერთად ივლიან ევროკავშირისკენ გზაზე. "იარეთ, ჩვენ დაგეხმარებით! უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ მიმართვაში. არ ყოფილა მოწოდებები “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ.
- უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მალევე - 2022 წლის 1 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაიწვია და მიზეზებად დაასახელა: საქართველოს მთავრობის უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლა და სანქციების დაწესების მიმართ ხელისუფლების პოზიცია.
- 2022 წლის ივნისში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ელჩი იგორ დოლჰოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
- ელჩის მოვალეობას ანდრი კასიანოვი ასრულებდა. ის ხშირად აკრიტიკებდა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას - დაგვიანებული დახმარებისა თუ უხეში და არამართებული განცხადებების გამო.
- 2024 წლის სექტემბერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიგამ საქართველოდან გაიწვია დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი.
ელჩების გამოძახება, გაწვევა
თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობები რუსეთის უკრაინაში შეჭრამდეც დაძაბული იყო და პირველად ელჩი საქართველომ გამოიწვია. მთავარ მიზეზებს - თბილისი ექსპრეზიდენტს, ამჟამად პატიმარ მიხეილ სააკაშვილს უკავშირებდა.
- "ქართული ოცნების" მთავრობამ უკრაინიდან მაშინდელი ელჩის - თეიმურაზ შარაშენიძის გამოხმობის გადაწყვეტილება 2020 წლის 8 მაისს მიიღო, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დასახელების გამო.
- კონსულტაციები გახანგრძლივდა. თითქმის ერთი წლის განმავლობაში სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინაში - საქართველოს ელჩი არ ჰყავდა.
- თეიმურაზ შარაშენიძე კიევში 2021 წლის 21 აპრილს დააბრუნეს [2021 წლის სექტემბრამდე]. ამას წინ უსწრებდა მეხუთე პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში, როცა მან სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას. მაშინ რუსეთს სრულმასშტაბიანი ომი დაწყებული არ ჰქონდა, მაგრამ მზადება უკვე შეინიშნებოდა.
- 2021 წლის ოქტომბერში, უკრაინაში საქართველოს ახალ ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა.
ელჩმა ზაქარაშვილმა კიევი 2023 წლის ივლისში დატოვა. ამას წინ უსწრებდა პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება - ელჩს „გადამჭრელი პროტესტი“ გამოუცხადეს და 48 საათში ქვეყნის დატოვება შესთავაზეს. მიზეზი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საპატიმროში.
2026 წლის 27 იანვარს, “ქართული ოცნების” საგარეო უწყებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ - 2023 წლის ივლისის დასაწყისიდან უკრაინის ელჩი ზაქარაშვილი დისტანციურად მუშაობს, თბილისიდან.
“საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სუამში, გიორგი ზაქარაშვილი 2023 წლის 6 ივლისიდან გამოძახებულ იქნა ქ. თბილისში კონსულტაციების გამართვის მიზნით. ელჩი თბილისიდან აგრძელებს დიპლომატიურ საქმიანობას”, - აცხადებს საგარეო უწყება.
ომი და მშვიდობა
“ქართული ოცნების” ხელისუფლება ხშირად აღნიშნავს, რომ უკრაინელებს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინეს, როგორც ლტოლვილების ღირსეული მიღებით, ასევე ჰუმანიტარული დახმარებითა და მათ შორის - საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტების მხარდაჭერით. ამას თბილისი “ცალმხრივი მეგობრობის” რეჟიმს უწოდებს.
ასევე ნახეთ მთავრობა უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის ასევე ნახეთ 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთით - ფაქტი თუ მანიპულაცია?2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თბილისში გამოჩნდა პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები წარწერით: "არა ომს, აირჩიე მშვიდობა". უკრაინის დაბომბილი ტერიტორიების შავ-თეთრი ფოტოები შესადარებლად იყო გამოყენებული.
კიევში განაცხადეს, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ “უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის საშინელი შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, საეკლესიო სიწმინდეებისა და კულტურული მემკვიდრეობის დანგრევის სურათების პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენება”.
კიევისთვის შეურაცხმყოფელი ეს ხერხი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიაში, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ გამოიყენეს.
ასევე ნახეთ საქართველოს მთავრობა გადაიქცა "კრემლის ქსეროქსად" - უკრაინის საგარეო უწყება ასევე ნახეთ სუსი უკრაინიდან "ჰექსოგენის" შემოტანასა და ადგილობრივ არჩევნებს შორის შესაძლო კავშირზე საუბრობს“ქართული ოცნების” წარმომადგენლები და მათი მოკავშირეები უკრაინას მუდმივად მოიხსენიებენ მიწასთან გასწორებულ, გაპარტახებულ ქვეყნად - რომლის მსგავსი შედეგიც საქართველომ მხოლოდ “ქართული ოცნების” დამსახურებით აიშორა თავიდან.
“ქართველ ხალხს შეიძლება არ ეშინოდეს ახალი ომის მანამ, სანამ უკრაინა რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობას უწევს. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი ასევე არის მშვიდობის ფასი საქართველოში", - ეწერა უკრაინის საგარეო უწყების მიერ 2024 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უკრაინას თბილისში არცთუ იშვიათად მოიხსენიებენ დესტაბილიზაციისა და ტერორიზმის წყაროდ, სხვადასხვა საქმის გამოძიების იმ ეტაპზეც, როცა ბრალდებები სამართლებრივად დამტკიცებული არ არის.
“თუკი “ქართულ ოცნებას” უკრაინასთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს, ახალი ელჩის ჩამოსვლა იქნებოდა შესანიშნავი შანსი ამისათვის და რიტორიკის კორექტირებისთვისაც. მაგრამ ჩანს, რომ “ქართული ოცნება” ამას არ აპირებს. ამის ნაცვლად, თბილისიდან აშკარად აგზავნიან სიგნალს - რომ აპირებენ იმ ნარატივების და იმ რიტორიკის გაგრძელებას, რაც იყო აქამდე და რაც თავისი ბუნებით არის ანტიდასავლური”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი. მისი თქმით, “ქართული ოცნება” აგრძელებს შეთქმულების თეორიებზე დაფუძნებულ არაადეკვატურ საგარეო პოლიტიკას - “რისთვისაც ფასის გადახდა უწევთ საქართველოს ყველა რიგით მოქალაქეს”.
ასევე ნახეთ იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ? ჩემთვის ცალსახაა, რომ არა - პოდოლიაკი