Accessibility links

კიევი-თბილისი: სააკაშვილი პოსტზე, ურთიერთობები სასწორზე


ჩვენს საქმეებში ჩარევის უფლებას არ მოგცემთო, - ასე უპასუხეს საქართველოს ხელისუფლებას უკრაინიდან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზე. მართალია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თვლის, რომ კიევმა გაითვალისწინა თბილისის პოზიცია და ვიცე-პრემიერის პოსტზე არ დანიშნა მიხეილ სააკაშვილი; მაგრამ ეროვნული რეფორმების საბჭოში შეთავაზებული პოსტიც საკმარისად ჩაითვალა იმისათვის, რომ - წინასწარი მუქარა შესრულებულიყო - უკრაინიდან ელჩი გამოძახებულია კონსულტაციებისთვის.

რატომ დასჭირდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მკაცრი საჯარო რეაგირება უკრაინის მისამართით? არის თუ არა სააკაშვილის დანიშვნა ქართული მართლმსაჯულების უპატივცემლობა და რატომ გადადგა ეს ნაბიჯი ზელენსკის ხელისუფლებამ? ნიშნავს თუ არა პოსტზე დანიშვნა მიხეილ სააკაშვილის ჩამოშორებას საქართველოს შიდაპოლიტიკური სივრციდან?

ასრულებული მუქარა

შესრულდა ის, რაც ჯერ კიდევ 24 აპრილს თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ - „თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ“.

მართალია, ეს მაშინ მიხეილ სააკაშვილისთვის ვიცე-პრემიერის პოსტის შეთავაზების კონტექსტში ითქვა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის. როგორც ჩანს, ისევ ძალაში დარჩა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირების მიერ ერთმანეთის მიყოლებით გაკეთებული მკაცრი, მუქარის შემცველი განცხადებები.

ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე - ასეთია მიხეილ სააკაშვილის ახალი თანამდებობა.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ეს პოსტი ძალიან ედაბლებათ და ასევე თვლიან, რომ ვიცე-პრემიერის პოსტზე სააკაშვილი მათი პოზიციის გათვალისწინებით არ დაინიშნა, თბილისი დემარშს მაინც არ მოერიდა.

8 მაისს, როცა უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახებაზე ილაპარაკა, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზნით ახსნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით:

  • ელჩის გამოძახების საჭიროება წარმოშობილმა შეკითხვებმა გააჩინა;
  • „დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული“ ეს ნაბიჯი მიანიშნებს, რომ „ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები“;
  • ელჩის მონაწილეობით უნდა განისაზღვროს, „თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს“ ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობაზე და ერთობლივ ძალისხმევაზე ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებით.

უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „გაუგებარს“ უწოდებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი. მისი თქმით, „არარსებულ თანამდებობაზე“ დანიშვნით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ „რასაკვირველია, გარკვეული ხინჯი შეიტანა ორმხრივ ურთიერთობებში“.

„ელჩიც ჩამოვა. მისი გამოწვევა, გარდა იმისა, რომ არის გარკვეული პოლიტიკური დემარში, დიპლომატიურ სისტემაში, ამასთანავე, დეტალური განხილვის საშუალებას იძლევა, რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და რატომ იყო აუცილებელი ყოფილი პრეზიდენტისთვის ასეთი დამამცირებელი პოზიციის შექმნა. მიუხედავად იმისა, თანაც, რომ ის არის კონკრეტულ დანაშაულებებში სასამართლოს მიერ ბრალდებული“, - აცხადებს ვოლსკი.

უკმაყოფილება გამოხატა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემაც. ის ამბობს, რომ საქართველო უფრთხილდება უკრაინასთან ურთიერთობებს, მაგრამ სააკაშვილის „მოგონილ თანამდებობაზე“ დანიშვნა „გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში“. ვოლსკისგან განსხვავებით, უკრაინიდან ელჩის გამოძახებას კალაძე ​დემარშად არ მიიჩნევს.

მაშინ, როცა უკრაინა და საქართველო საერთო მტრის - ოკუპანტი რუსეთის პირისპირ დგანან და აქვთ საერთო მიზნები - ევროკავშირისა და ნატოს სახით, კიევის მიმართ ასეთი სვლა გაუმართლებელი, დამაზიანებელი ნაბიჯია, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი.

„დამაზიანებელია ის ბუზღუნიც, რასაც ჩვენ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ... არ დაგვავიწყდეს, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან და ქვეყნის მცირე მასშტაბიდან გამომდინარე, არ გვაქვს ფუფუნება, ბუზღუნსა და ფხუკიაობას შევწიროთ და გადავაყოლოთ ქვეყნის მნიშვნელოვანი ინტერესები... მაინც იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ უფრო არ გართულდება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისედაც „დაჩრდილული“ ურთიერთობა“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

თბილისს უკვე უპასუხეს უკრაინიდან.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ - ელჩის გამოძახება საქართველოს ხელისუფლების შეცდომად შეაფასა. მან თქვა, რომ სტრატეგიული ურთიერთობების გამო საპასუხო ნაბიჯის გადადგმა არ იგეგმება და დასძინა, რომ მომხდარი მხოლოდ უკრაინის შიდა საქმეა.

კერძოდ, ზელენსკიმ თქვა:

  • „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელობა“;
  • „ყველა სახელმწიფოს საკადრო პოლიტიკა ამ ქვეყანას და იმ მოქალაქეებს ეხება, რომლებიც იქ ცხოვრობენ“;
  • „მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, უკრაინის პასპორტით, მე - უკრაინის პრეზიდენტი ვარ და დავნიშნე ის უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ, სულ ეს არის“.

„მიხეილ სააკაშვილი, მთელი თავისი ქარიზმატულობით, უკრაინის მოქალაქეა და არცერთ ქვეყანას არა აქვს უფლება, მიგვითითოს - სად დავნიშნოთ ან არ დავნიშნოთ ჩვენი მოქალაქე“, - თავისი სათქმელი უკრაინულ მედიასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამაც თქვა.

რა საჭირო იყო ასე ხმამაღლა და საჯაროდ?

პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები შეახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან საქმის საჯაროდ გარჩევამდე, დიპლომატიაში სხვა მრავალი გზა და ინსტრუმენტი არსებობს. მათი თქმით, შესაძლებელი იყო არასაჯარო, არაოფიციალური საუბრები, მათ შორის - საერთაშორისო პარტნიორების ჩართვითაც.

თუმცა, შედეგის მიხედვით, ლოგიკური დასკვნა ასეთია:

  • საქართველოს ხელისუფლებამ ან ამ ხერხების გამოყენება არ სცადა,
  • ანდა მისი პოზიცია არ იქნა გაზიარებული, მათ შორის - არც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

„2012-16 წლებში, როდესაც მეც ვიყავი ამ ხელისუფლების ნაწილი, გგონიათ უფრო იოლი იყო მაშინდელი ვითარება, მათ შორის - ადამიანურ დონეზე?! სააკაშვილი მაშინ ოდესის გუბერნატორად დაინიშნა და პრეზიდენტი პოროშენკო თვლიდა მაშინ მას რეფორმების მებაირახტრედ და ასე შემდეგ... მე პირადად უკრაინის რადის თავმჯდომარეს ორჯერ უკრაინის აეროპორტში შევხვდი, რადგან ვუწევდით ანგარიშს რაღაცეებს“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „ლელოს“ წარმომადგენელმა, დავით უსუფაშვილმა.

  • ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მარტო არ იყო „სააკაშვილის მიმართ აგრესიულ პრესინგში“ და ის ჩართული იყო ერთგვარ „კოორდინირებულ შეტევაში უკრაინულ ოლიგარქიასთან ერთად“, მათ შორის - ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მონაწილეობით.
  • ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე არ გამორიცხავს, რომ, საკუთარი ინტერესების გარდა, ხმამაღალი და საჯარო რეაქციებით საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენა რუსეთსაც, რომ - გააპროტესტა მისთვის ასე მიუღებელი პირის - სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა - „საქართველოს ხელისუფლება ხშირად უწევს ანგარიშს რუსეთისგან მოსალოდნელ რეაქციებს“.

საჯარო და ხმამაღალ განცხადებებს საქართველოს ხელისუფლება ერთი აუცილებელი პირობით ხსნიდა - სტრატეგიულმა პარტნიორმა არ უნდა დანიშნოს თანამდებობაზე საქართველოს სასამართლოს მიერ რამდენიმე საქმისთვის მსჯავრდებული პირი. ასე ფიქრობენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც.

თუმცა, ანალიტიკოსების ერთი ნაწილის შეფასებით, უკრაინა ხელმძღვანელობს საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო აღქმით - არ არსებობს ნდობა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

„ეს არ არის მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების შეფასება, რომ საქართველოში შერჩევითი პოლიტიკური სამართალია. ასეთი ცალსახა შეფასება აქვთ როგორც ჩვენი მოკავშირე ქვეყნების პოლიტიკურ წრეებს, ისე მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს (და ჩვენ ვნახეთ „ფრიდომ ჰაუსის“ ბოლო ანგარიშიც)...

ასეთ ფონზე იმის თქმა, რომ - არიქა, მე ადამიანი გასამართლებული მყავს და შენ მას ნუ ნიშნავ თანამდებობაზე... ბოდიში, შენთან არ არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და არც შენი განაჩენების სჯერათ“, - ამბობს პაატა გაფრინდაშვილი.

გია ხუხაშვილის შეფასებით, „როცა შენს ქვეყანაში მსჯავრდებული პირი სხვა ქვეყანაში მაღალ თანამდებობაზე ინიშნება, ბუნებრივია, ეს მინიმუმ ნიშნავს შენი მართლმსაჯულების უპატივცემლობას და გარკვეულ უხერხულობას ქმნის“, მაგრამ არამიზნობრივ ხარჯებთან დაკავშირებული საქმის წარმოებით (ე.წ. პიჯაკების საქმე), რაც თავად „სააკაშვილმაც შესანიშნავად გამოიყენა, მოხდა მის წინააღმდეგ ბრალდებების სრული პროფანაცია“.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ამ საქმით სააკაშვილი კი არ გაასამართლა, არამედ „ალიბი შეუქმნა ყველა სხვა საქმესთან დაკავშირებითაც“.

არის თუ არა სააკაშვილის თანამდებობა „მოგონილი“ და „დამამცირებელი“?

მიხეილ სააკაშვილის ახალ თანამდებობას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სხვადასხვანაირი ეპითეტები მოარგეს. მაგალითად, დავით ზალკალიანისთვის (ვიცე-პრემიერობასთან შედარებით) ეს პოსტი - „დონის დაწევაა“, გია ვოლსკისთვის - „არარსებული“ და „დამამცირებელი“, ხოლო კახა კალაძისთვის - „მოგონილი“.

სააკაშვილისთვის შეთავაზებულ თანამდებობას „საპასუხისმგებლო გამოწვევას“ უწოდებს თავად პრეზიდენტი ზელენსკი:

„მჯერა, მას შეუძლია ახალი იმპულსი შესძინოს რეფორმების ეროვნულ საბჭოს და დაეხმაროს ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში“, - ვკითხულობთ პრეზიდენტის მიერ 7 აპრილს ხელმოწერილ ბრძანებულებაში.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს უკრაინაში არცთუ ცოტა მოწინააღმდეგე ჰყავს, უკრაინულ მედიაში ანალიტიკოსების მიერ დასმული აქცენტებით აშკარად ჩანს, რომ მას დიდი იმედებიც უკავშირდება.

რას მოელის სააკაშვილისგან უკრაინა?

იმავე აქცენტების თანახმად, ხალხი მოელის:

  • ქვეყანაში 30 წლის განმავლობაში გაჭიანურებული რეფორმების ადგილიდან დაძვრას;
  • სწრაფ და ხელშესახებ შედეგებს, პირველ რიგში, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებებით.

„გასაგებია, რომ ვიცე-პრემიერობა იყო სამთავრობო თანამდებობა და ეს არის მთავრობის მიღმა, მაგრამ პოლიტიკური წონისა და მანევრის თვალსაზრისით ეს თანამდებობა ბევრად უკეთესი და პერსპექტიულია, ვიდრე მანამდე შეთავაზებული ვიცე-პრემიერობა“, - ეუბნება გია ხუხაშვილი რადიო თავისუფლებას. ის ფიქრობს, რომ:

  • „სახელმწიფო სისტემაში ვიცე-პრემიერი არის მესამე წრის ჩინოვნიკი - ის ემორჩილება მართვას და მისი მოქმედების არეალი შეზღუდულია“;
  • „ეს ახალი თანამდებობა კი ბევრად უფრო ფართო დიაპაზონის თანამდებობაა - მას შეუძლია პოლიტიკური განცხადებებიც აკეთოს, მათ შორის - საქართველოსთან მიმართებითაც“;
  • „ეს უფრო სააკაშვილისთვის შესაფერისი თანამდებობაა, რადგან მას შეუძლია ჭიქაში ქარიშხლის გაჩენა“.

ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს მაღალ, ძალიან ქმედით და შედეგების თვალსაზრისით გამოსაჩენ პოსტად მიიჩნევს „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში, ვალერი ჩეჩელაშვილი.

„ამ საბჭოში შედის ყველა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და მას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი. სწორედ ამ საბჭოს ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება ეკისრება კომიტეტს, რომელსაც უხელმძღვანელებს მიხეილ სააკაშვილი. მას ექნება საკმაოდ კარგი და სერიოზული ბერკეტები ამ თანამდებობაზე და ვფიქრობ, მას შეუძლია ძალიან სერიოზული როლი ითამაშოს უკრაინის რეფორმების წარმატებაში“.

ვალერი ჩეჩელაშვილი ფიქრობს, რომ ძალიან ბევრი საქმის გამო, მიხეილ სააკაშვილი ვეღარ მოიცლის საქართველოს შიდაპოლიტიკური ცხოვრებისთვის.

თუმცა, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, წარმატებული მუშაობის შემთხვევაში, მის მიერ ნაჩვენებ შედეგებს ძლიერი გავლენა ექნება საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG