ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა დიდი ბრიტანეთიდან წაიყვანეს ატლანტის ოკეანეში იანვრის დასაწყისში დაკავებული სანქცირებული ტანკერის, რუსეთის დროშით მცურავი Marinera-ს კაპიტანი, საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კალანდაძე და კაპიტნის პირველი თანაშემწე.
ინფორმაცია 27 იანვარს გაავრცელა რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის BBC-მ და Reuters-მა.
ავთანდილ კალანდაძის ცოლის ადვოკატმა, რომელიც კაპიტნის ევროპული კანონმდებლობით დაცვას ითხოვდა, განაცხადა, რომ ის „გაიტაცეს“.
ასევე ნახეთ დასტურდება, რომ ქართველია აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი - "ქართველი მეზღვაურების უმეტესობა მუშაობს რუსეთის ტვირთებზე"2025 წლის დეკემბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ვენესუელისკენ მიმავალი და ამ ქვეყნიდან მომავალი სანქცირებული ტანკერების ბლოკადის ბრძანება, აშშ-ის სანაპირო დაცვამ კარიბის ზღვაში სცადა სანქციების დარღვევაში ეჭვმიტანილი ტანკერის, Bella 1-ის დაკავება, თუმცა ეკიპაჟმა კურსი მკვეთრად შეცვალა, ტანკერის სახელი Marinera-დ გადაკეთდა და გემი ხელახლა დარეგისტრირდა გაიანის დროშის ნაცვლად რუსეთის დროშით მცურავ საშუალებად.
ტანკერმა, რომელმაც ვენესუელაში შეღწევა ვერ მოახერხა, გეზი ატლანტის ოკეანისკენ აიღო. ამერიკელებმა ტანკერის დევნა განაგრძეს და 7 იანვარს დააკავეს ბრიტანეთის სანაპიროსთან. დაკავების შემდეგ ტანკერი შოტლანდიის სანაპიროსთან გადაიყვანეს.
ასევე ნახეთ Marinera (Bella 1) - რა გავიგეთ აშშ-ის მიერ დაკავებულ რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერზეროგორც BBC და Reuters-ი წერენ, ავთანდილ კალანდაძე რომ დიდ ბრიტანეთში აღარ იმყოფება, ცნობილი გახდა 27 იანვარს, შოტლანდიის სასამართლოში.
ქართველი კაპიტნის ცოლის ადვოკატები სასამართლოსგან ითხოვდნენ ბრიტანეთიდან კალანდაძის გაყვანის აკრძალვას და მის დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპული კანონმდებლობით. 26 იანვარს სასამართლომ მართლაც შეაჩერა ავთანდილ კალანდაძის მიმართ რაიმე ქმედებების განხორციელება, სანამ მისი საქმე დეტალურად არ იქნებოდა განხილული, თუმცა მეორე დღეს პროკურორმა სასამართლოს აცნობა, რომ კაპიტანი და მისი პირველი თანაშემწე აშშ-ის სანაპირო დაცვის გემ Munro-ზე იმყოფებიან და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლები დატოვეს.
ავთანდილ კალანდაძის ცოლის ადვოკატმა აამერ ანვარმა განაცხადა, რომ ამერიკელებმა კალანდაძე „არსებითად გაიტაცეს“.
ადვოკატის თანახმად, ტანკერი, რომელსაც უცხოეთის შეიარაღებული ძალები დარაჯობდნენ, ორ კვირაზე მეტხანს იმყოფებოდა შოტლანდიის ტერიტორიულ წყლებში და ამ დროის განმავლობაში ხელისუფლებამ არ მიმართა არანაირ ეფექტიან ზომებს თავისი იურისდიქციის დასამტკიცებლად ან ბორტზე მყოფთა კანონიერი უფლებების დასაცავად.
ასევე ნახეთ დაკავებული ტანკერიდან 5 მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა7 იანვარს, Bella 1-ის(Marinera) დაკავების შემდეგ, შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ განაცხადა, სანქციების დარღვევისთვის ტანკერის ეკიპაჟის წევრებს სისხლის სამართლით გათვალისწინებულ ბრალს წაუყენებენ. ბონდის ინფორმაციით, ტანკერს ნავთობი გადაჰქონდა ვენესუელიდან და ირანიდან.
შეერთებულმა შტატებმა Bella 1-ს სანქციები 2024 წელს დაუწესა, როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის” გემს, რომელსაც უკანონოდ გადაჰქონდა ირანული ნავთობი.
7 იანვარს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ Marinera-ს 2025 წლის 24 დეკემბრიდან ჰქონდა რუსეთის დროშით ცურვის დროებითი ნებართვა და დაკავების დროს იმყოფებოდა ღია ზღვაში, სადაც თავისუფალი ნაოსნობის რეჟიმი მოქმედებს და არცერთ სახელმწიფოს არ აქვს ძალის გამოყენების უფლება სხვა სახელმწიფოში დარეგისტრირებული გემების მიმართ.
7 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტანკერის ეკიპაჟის წევრებს შორის არიან რუსეთის მოქალაქეები და ამერიკული მხარისგან მოითხოვენ მათ გათავისუფლებას. 9 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა გაათავისუფლა ტანკერის ეკიპაჟის ორი რუსი წევრი.
არსებული ცნობებით, ტანკერის 26-წევრიან ეკიპაჟში რუსეთის და საქართველოს მოქალაქეების გარდა იყვნენ უკრაინის და ინდოეთის მოქალაქეები.
BBC ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ეკიპაჟის ხუთი წევრი შოტლანდიიდან აშშ-ში გაემგზავრება, დანარჩენები კი თავიანთ მშობლიურ ქვეყნებში.