კალიფორნიის შტატში, ამერიკელი საზღვაო ქვეითების ბაზის, Camp Pendleton-ის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქე ორი ქალი დააკავეს. ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ დაუდასტურა საელჩომ აშშ-ში.
სააგენტომ დღეს, 28 იანვარს გაავრცელა საელჩოს პასუხი, რომ აშშ-ის საიმიგრაციო-საბაჟო სამსახურიდან 26 იანვარს მიღებული ინფორმაციით, მას გადასცეს ბაზის ტერიტორიაზე „არასანქცირებული შესვლისთვის“ დაკავებული რუსეთის მოქალაქე ორი ქალი. საელჩოს თანახმად, ამჟამად ისინი იმყოფებიან ადგილობრივ სადეპორტაციო ცენტრში, „რეპატრიაციის მოლოდინში“.
ქალების დაკავების შესახებ 26 იანვარს იუწყებოდა რუსეთის ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებული ტელეგრამ-არხი Shot-ი, რომლის თანახმად, მეგობრები რუსეთის ქალაქ სამარიდან, კრისტინა და ნატაშა აშშ-ში ავტომობილით მოგზაურობდნენ და „მაკდონალდსის“ ძებნისას „შემთხვევით“ აღმოჩნდნენ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. ტელეგრამ-არხი წერდა, რომ დაკავებულებს ექვს თვემდე პატიმრობა ემუქრებათ.
Camp Pendleton-ი საზღვაო ქვეითების მთავარი ბაზაა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე.
ასევე ნახეთ რუს ქალს თბილისში მოხალისესთან მიმოწერის გამო სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ - "მემორიალი"