რუს ქალს თბილისში მოხალისესთან მიმოწერის გამო სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ - "მემორიალი"

ფოტოკოლაჟი: სვეტლანა ტოლკაჩოვა

კურსკის ოლქის მცხოვრები 43 წლის სვეტლანა ტოლკაჩოვა სამშობლოს ღალატის ბრალდებით (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლი) დააკავეს თბილისში მოხალისესთან მიმოწერისთვის.

ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „პოლიტპატიმრების მხარდაჭერა. მემორიალი“ ავრცელებს.

ადამიანის უფლებათა დამცველების ცნობით, ქალი პირველად 2025 წლის მაისში დააკავეს „ტერორიზმის დაფინანსებაში ჩართული პირების შესაძლო უკანონო საქმიანობის გარემოებების დასადგენად“. მის წინააღმდეგ ოქმი შედგა დაკითხვის დროს უცენზურო სიტყვების გამოყენებისა და კურსკის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნების შესრულებაზე უარის თქმის გამო. ტოლკაჩოვას 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

"მემორიალის" ცნობით, ადმინისტრაციული პატიმრობისას, იგი დაკავების იზოლატორიდან გაიყვანეს და აწამეს.

"ჩვენი წყარო იუწყება, რომ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ოფიცრებმა სტანისლავ ბაზდირევმა და ალექსანდრ გორლოვმა ტოლკაჩოვა ელექტროდენით აწამეს. აიძულეს დაკითხვის ოქმისთვის ხელი მოეწერა მის წაუკითხავად. მის ტელეფონში აღადგინეს მოხალისე ალექსეი ლებედევთან მიმოწერა, რომელიც მოგვიანებით საქმის გასაყალბებლად გამოიყენეს. ამ „ოპერატიული ღონისძიების“ შემდეგ, ქალის ტელეფონში გაჩნდა სვასტიკა და "აზოვის" პოლკის ემბლემა, რომელიც მანამდე იქ არ იყო“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

2025 წლის 27 მაისს ტოლკაჩოვა დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებამდე შვიდი თვით ადრე, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მას უთვალთვალებდნენ. "მემორიალის" ცნობით, 25 დეკემბერს ის სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს და წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს.

ადამიანის უფლებათა დამცველების თანახმად, ტოლკაჩოვა 2022 წლის გაზაფხულიდან იყო ორგანიზაცია Volunteers.Tbilisi-ს შემწირველი. 2023 წელს მას საქართველოში ჩასვლა სურდა, მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩასართავად, თუმცა ონკოლოგიური დიაგნოზის გამო ეს ვერ მოახერხა.

ტოლკაჩოვა კურსკის #1 წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

Volunteers.Tbilisi-ს გუნდი უკრაინის ომის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას 2022 წლის მარტიდან უწევდა. ცოტა ხნის წინ ორგანიზაციამ განაცხადა, რომ წყვეტს ჰუმანიტარული დახმარების გაცემას და საქართველოში მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქციას ინარჩუნებს. გადაწყვეტილება „უკავშირდება შეცვლილ კონტექსტს, გუნდის რესურსებსა და უსაფრთხოების საკითხებს“.

ასევე ნახეთ ხერსონის ყოფილი მერი რუსული ტყვეობისა და წამების 3,5 წლის შესახებ