სააპელაციომ უცვლელი დატოვა ჯანგველაძის მკვლელობისთვის მსჯავრდადებული უძილაურის განაჩენი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გელა უძილაურის (მარცხნივ) განაჩენი - უვადო პატიმრობა - უცვლელი დატოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა კანონიერი ქურდის ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის მსჯავრდადებული ყოფილი სპეცრაზმელის, გელა უძილაურის განაჩენი - უვადო პატიმრობა.

გელა უძილაური მკვლელობას აღიარებდა, თუმცა აცხადებდა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა არ ჰქონდა დაგეგმილი; რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მას ელოდა, რათა წარსულში მომხდარის გამო სიტყვიერად მოეთხოვა პასუხი, და მკვლელობა შეკვეთილი არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ 28 იანვარს გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ 2025 წლის 24 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენი - უძილაური დამნაშავედაა ცნობილი ჯანგველაძის „შეკვეთით და ანგარებით“ მკვლელობაში და უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

ასევე ნახეთ უვადო პატიმრობა - ყოფილი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნეს ჯანგველაძის „შეკვეთით და ანგარებით“ მკვლელობაში

ჯანგველაძის მკვლელობის მომზადების ბრალდებით პროკურატურას ძებნა აქვს გამოცხადებული აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ექს-გენპროკურორზე, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეზე (წარსულში - ოთარ ფარცხალაძეზე).

გამოძიება ფარცხალაძეს აგვისტოს შემდეგ ოფიციალურად განიხილავდა საქმის მნიშვნელოვან ფიგურანტად - ოქტომბერში აცხადებდა, რომ „მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია მოპოვებული“, დეკემბრის ბოლოს კი, ჯანგველაძის ორი მეგობრის ჩვენების შემდეგ ფარცხალაძეზე ძებნა გამოაცხადეს.

ასევე ნახეთ „დამამახსოვრდა გვარი - რომანოვი“: რას ჰყვება ერთ-ერთი მოწმე ჯანგველაძე-ფარცხალაძის სავარაუდო კონფლიქტზე

ფარცხალაძის ადვოკატის პოზიციით, საქმეში პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რუსეთის მოქალაქეების ჩვენება კი ირიბი მტკიცებულებაა და არაფერს ადასტურებს მკვლელობის ორგანიზების თაობაზე.

2025 წლის 29 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე „სრულად გახსნილია“.

„ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა“, - განაცხადა მან.

ასევე ნახეთ ჯანგველაძის მკვლელობა: კრიმინალური ომები, ბიზნესი და პოლიტიკა

ჯანგველაძის მკვლელობის მომზადების საქმეზე 2025 წლის აგვისტოში დააკავეს სამი ადამიანი, ორზე კი ძებნა გამოაცხადეს. ამ ხუთ პირს შორის არიან ძმები დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეები, ასევე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი ჯოხაძე. მოგვიანებით დააკავეს მიქაძის დაცვის უფროსიც.

2025 წლის ნოემბერში პროკურატურამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის გამო 34 ადამიანი დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებული ბრალდებულის, გიორგი მიქაძის შევიწროება „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლების გადაწყვეტილებითა და დავალებით დაიწყო.

ასევე ნახეთ „ენცოს“ ჯოხაძე-მიქაძეების საქმეზე დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა - ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გაგრძელება

ლევან ჯანგველაძის მკვლელობა ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული მკვლელობაა, რომელიც პოსტსაბჭოთა კრიმინალურ სუბკულტურას უკავშირდება.

მკვლელობის შემდეგ შეიცვალა სახელმწიფო სტრუქტურების არაერთი ხელმძღვანელი, მათ შორის - სუსის, პროკურატურის, შსს-ისა და „ფინანსური პოლიციის“ ხელმძღვანელი პირები - თუმცა ცვლილებებს ოფიციალურად სხვა მიზეზები აქვს.