აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, გაჩხრიკეს მისი მშობლების სახლი

თამარ მეარაყიშვილი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის მიერ გამოძევებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ახალგორში მცხოვრებ თავის ხანდაზმულ მშობლებზე ზეწოლის შესახებ აცხადებს. აქტივისტის თქმით, მათ სახლში უცნობი პირები მივიდნენ, გაჩხრიკეს და ტელეფონები ჩამოართვეს.

მეარაყიშვილმა დახმარებისთვის მიმართა სერგეი კირიენკოს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილესა და "ცხინვალის კურატორს კრემლში".

„შეწყვიტეთ ეს განუკითხაობა. რაც ჩემს მშობლებსა და ოჯახს შეიძლება დაემართოს, გთხოვთ, ალან ედუარდოვიჩ გაგლოევს დააბრალოთ. ჩემ წინააღმდეგ მოქმედება მან იმიტომ დაიწყო, რომ გამოვავლინე მისი ჩინოვნიკების მიერ ჩვენს რაიონში განხორციელებული კორუფციული სქემები. ჩემი ყველა განცხადება და ფაქტი ეფუძნება როგორც რუსეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის აუდიტის შედეგებს“, - განაცხადა მეარაყიშვილმა.

როგორც რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზასთვის“ გახდა ცნობილი, მეარაყიშვილის მშობლების სახლში ოქროს ეძებდნენ, ჩამორთმეულ ნივთებს შორის აღმოჩნდა ძველი ფოტონეგატივებიც. ისინი ინტერესდებოდნენ, სად მუშაობს მეარაყიშვილის ქალიშვილი, რომელიც ამჟამად ესპანეთში იმყოფება.

მანამდე აქტივისტმა განაცხადა, რომ მისი მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობით მოულოდნელად დაინტერესდნენ ადგილობრივი ექიმები. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედამისი სახლში გასინჯა, მამა კი ქუჩიდან წაიყვანეს კლინიკაში გამოკვლევებზე.

მეარაყიშვილი 2025 წლის 22 დეკემბერს დააკავეს „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის“ ბრალდებით, ხოლო 31 დეკემბერს გამოაძევეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ აქვს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა. შინ დაბრუნების უფლებისთვის აქტივისტი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა ფაქტობრივად აღიარა, რომ მეარაყიშვილის დაკავება დაკავშირებული იყო მის გეგმებთან, ცხინვალის ცენტრში ერთკაციანი აქცია ჩაეტარებინა.