ყალბი ცნობა წვევამდელისთვის
სუსის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ცენტრის ექიმმა სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით, წვევამდელს, უსაფრთხოების თანამშრომლის დახმარებით, ყალბი ცნობა დაუმზადა.
დაკავებულია ჯანდაცვის სამინისტროს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ექიმი-ფსიქიატრი და ამავე ცენტრის უსაფრთხოების თანამშრომელი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25, 338-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით მიმდინარეობს. მათ ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
წვევამდელისთვის ყალბი ცნობის დამზადების დაპირება
სუსი აცხადებს, რომ ბრალდებული სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადასავადებლად, 10 000 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს ყალბი ცნობის დამზადებას დაჰპირდა. მან 5000 ლარი მიიღო წინასწარ, თუმცა „დახმარება არ გაუწევია“.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. დანაშაულისთვის გათვალისწინებულია ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა.
წვევამდელებისთვის სამედიცინო ცნობის გაყალბება
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ყოფილ უფროსს და ასევე კომპანია „ბერმუხის“ მმართველს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების არაერთგზის დამზადების, გასაღებისა და გამოყენების ბრალდება წაუყენეს.
სუსის ცნობით, მერიის თანამშრომელმა „სამედიცინო დასკვნების გაყალბებით, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გასაწვევად ექვსი წვევამდელი აღრიცხვაზე აიყვანა, რომელთაგან ნაწილი ალტერნატიული არასამხედრო შრომითი სამსახურის მოსახდელად მიავლინეს შპს „ბერმუხაში“.
„კომპანიის ფაქტიურმა მმართველმა არაერთგზის გასცა ყალბი ცნობა-დახასიათებები, რომ თითქოსდა აღნიშნული წვევამდელები დასაქმებული იყვნენ შპს „ბერმუხაში“ და გადიოდნენ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს“, - განაცხადეს სუსში და დასძინეს, რომ წვევამდელების ნაწილი საზღვარგარეთაა.
სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 3-დან 6 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
ყალბი ცნობები სახელმწიფო დახმარების მისაღებად
სუსის ცნობით, 315 ადამიანს დაუმზადეს ყალბი სამედიცინო ცნობა, რომლითაც მათ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს და შშმ პირის პენსია დაენიშნათ. ამ საქმეზე პასუხისგებაში მისცეს შპს „კროლ მედიქალ ქორფორეიშენის“ და შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ოთხი ექიმი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აშენებულ ფეხბურთის სტადიონზე ყალბი ცნობის გაცემა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მიმდებარედ აშენებული ფეხბურთის სტადიონის შესახებ ყალბი ცნობის დამზადების ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს შპს „ელმარის” წარმომადგენელი, შპს „თეგიკა უნივერსალის” დირექტორი და შპს „ექსპერტ სერვისის” ექსპერტი.
„მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას შპს „თეგიკა უნივერსალის” დირექტორი, ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „ელმარის” მინდობილი პირისა და შპს „ექსპერტ სერვისის” ექსპერტის დახმარებით, თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს“, - აცხადებენ სუსში.
საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტითა და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით. ამ დანაშაულისთვის ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
დაგებულ გზაზე ყალბი ცნობის გაცემა
სუსი იძიებს გურჯაანის მერიასა და შპს „ბილტმორს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის, შპს „ევრო გზის“ მიერ შესრულებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საქმეს. საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 477 551 ლარი იყო, შემოწმების დროს გაირკვა, რომ ის 38 158 ლარით იაფი დაჯდა.
„ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე შპს „ევრო გზის“ დირექტორს და ბუღალტერს, შპს „ბილტმორის“ დირექტორს და ინსპექტირების ორგანო, შპს „ექსპერტ ჰაუსის“ ყოფილ ზედამხედველს ბრალდება წარედგინათ“, - აცხადებენ სუსში.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. დანაშაულისთვის გათვალისწინებულია ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა.
თაღლითობაში დახმარება
სახელმწიფოსთვის 70 200 ლარის ზიანის მიყენების ბრალდება წაუყენეს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს გურჯაანში და ორ მოქალაქეს. საქმე ეხება ქალაქში მდებარე 3900 კვადრატული მეტრი მიწის მისაკუთრებას:
„განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული წესით რეგისტრაცია. მერის წარმომადგენელმა, რომელსაც ევალებოდა საკითხის შესწავლა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შეადგინა და გასცა ყალბი საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მიწის ნაკვეთი უკანონოდ დარეგისტრირდა გურჯაანის მერიის ზემოაღნიშნული თანამშრომლის სახელზე“.
საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით „ბ“ ქვეპუნქტით. დანაშაულისთვის გათვალისწინებულია ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა.