ირანი მზადაა აშშ-სთან "სამართლიანი" მოლაპარაკებისთვის, მაგრამ არა თეირანის თავდაცვის შესაძლებლობებზე

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფრიდანი ერთობლივ პრესკონფერენციაზე. სტამბოლი. 2026 წლის 30 იანვარი

ირანი მზადაა, განაახლოს მოლაპარაკება აშშ-სთან, მაგრამ ეს მოლაპარაკება სამართლიანი უნდა იყოს და არ უნდა მოიცვას ირანის თავდაცვის შესაძლებლობების საკითხი, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ 30 იანვარს.

მისი სიტყვების ფონია რეგიონული სახელმწიფოების ძალისხმევა კონფლიქტის ასარიდებლად ამ ორ მეტოქე სახელმწიფოს შორის.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 29 იანვარს თქვა, რომ გეგმავს ირანთან დალაპარაკებას - იმ ფონზეც, როცა აშშ-მა კიდევ ერთი საბრძოლო ხომალდი გაგზავნა ახლო აღმოსავლეთში და პენტაგონის ხელმძღვანელმა თქვა, რომ არმია მზად იქნება, შეასრულოს პრეზიდენტის ყველა გადაწყვეტილება.

აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაღრმავდა ბოლო კვირებში, მას მერე, რაც ირანის კლერიკალურმა ხელისუფლებამ სისხლიანი რეპრესიები განახორციელა საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.

ირანთან მოლაპარაკებების აღსადგენად აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი პირობაა ირანის სარაკეტო პროგრამის შემცირება - ამ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს, წყაროზე დაყრდნობით. ირანი უარყოფს ამ მოთხოვნას.

ასევე ნახეთ ევროკავშირის მიერ “გუშაგთა კორპუსის” ტერორისტულად გამოცხადება „დიდი სტრატეგიული შეცდომაა“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

სტამბოლში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაყჩიმ განაცხადა, რომ ირანი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს "სამართლიან და მიუკერძოებელ" მოლაპარაკებებში - თუმცა დასძინა, რომ ამ ეტაპზე შეხვედრები არ არის დანიშნული აშშ-ის ოფიციალურ პირებთან.

"ირანს მოლაპარაკებებთან პრობლემა არ აქვს, მაგრამ მოლაპარაკებები არ შეიძლება გაიმართოს მუქარების ჩრდილქვეშ. მათ აუცილებლად გვერდით უნდა გადადონ მუქარები და მიდგომა შეცვალონ სამართლიანი და მიუკერძოებელი მოლაპარაკების მიმართულებით, როგორც ბატონმა ტრამპმა თავად თქვა თავის პოსტში", - თქვა არაყჩიმ.

"ასევე ცალსახად უნდა განვაცხადო, რომ ირანის თავდაცვის და სარაკეტო შესაძლებლობები - და ირანის რაკეტებიც - არასოდეს დაექვემდებარება მოლაპარაკებას, - თქვა არაყჩიმ და დასძინა - ჩვენ შევინარჩუნებთ და გავაფართოებთ ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს, რამდენადაც ეს ქვეყნის დასაცავად იქნება საჭირო".

რეგიონული მოკავშირეები - მათ შორის თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი - დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავენ ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამხედრო კონფრონტაციის პრევენციისთვის.

შესაძლო სამხედრო ქმედებების შესახებ აშშ-ის განცხადებების პასუხად, არაყჩიმ თქვა, რომ თეირანი მზადაა მოლაპარაკებისთვისაც და ომისთვისაც.

ასევე ნახეთ ევროკავშირმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა და “რევოლუციური გვარდია” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა