Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა და “რევოლუციური გვარდია” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღეს.

ეს ზომა პასუხია ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების სასტიკ ჩახშობასა და ირანის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის მხარდაჭერის გაგრძელებაზე. სააგენტო Dpa-ს ცნობით, სანქციების სამიზნეა დაახლოებით 30 სუბიექტი, მათ შორის არიან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურები, ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი ესქანდარ მომენი და გენერალური პროკურორი მოჰამად მოვაჰედი აზადი.

29 იანვარს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ "გუშაგთა კორპუსი" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანონ, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ხელმძღვანელმა კაია კალასმა, სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.


IRGC-ის ნაწილი, "ბასიჯთა" რაზმები დემონსტრაციების ჩახშობისას მთავარი ძალა იყო.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განხილვის დასაწყისში გამოთქვა მოლოდინი, რომ “გუშაგთა კორპუსი” ტერორისტულ ორგანიზაციათა სიას დაემატება.


გადაწყვეტილების შემდეგ “გუშაგთა კორპუსი” მოხვდა იმავე კატეგორიის ისეთ ორგანიზაციებს შორის, როგორებიცაა „ისლამური სახელმწიფო“, ჰამასი და „ალ-ყაიდა". ამ ნაბიჯით ევროპის ქვეყნები ირანის ხელმძღვანელობის მიმართ პოზიციას, სულ მცირე, სიმბოლურად იცვლიან.

ირანში იანვრის დასაწყისში საპროტესტო გამოსვლების დროს ათასობით ადამიანი მოკლეს. აშშ-ში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ირანში ძალადობის შედეგად ბოლო კვირების განმავლობაში, სულ მცირე, 6373 ადამიანი დაიღუპა და, სავარაუდოდ, ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდია. ამავე ცნობით, 42450-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG