Bloomberg: რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალ პაკეტში ევროკავშირი ბანკებსაც ჩართავს

Bloomberg: რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალ პაკეტში ევროკავშირი ბანკებსაც ჩართავს, 2026 წლის 30 იანვარი

ევროკავშირი გეგმავს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციათა მეოცე პაკეტს დაუმატოს დამატებითი შეზღუდვები რუსეთის ბანკებისა და ნავთობკომპანიების მიმართ - იუწყება სააგენტო Bloomberg-ი, წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს წყაროების თქმით, ევროკავშირი სანქციების შემოღებას ასევე აპირებს მესამე ქვეყნების კრიპტოვალუტის სერვისებისა და ფინანსური ორგანიზაციების მიმართ - რომლებიც, როგორც იუწყებიან, რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. სანქციების სიაში ასევე მოხვდება ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" ახალი ხომალდები.

პაკეტმა შესაძლოა მოიცვას ახალი სავაჭრო შეზღუდვები იმ კომპანიებისა და საქონლის მიმართ, რომელიც რუსეთისთვის აუცილებელია იარაღის წარმოებისთვის, ასევე აკრძალვა რუსეთიდან გარკვეული მეტალების ექსპორტზე.

29 იანვარს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ სანქციათა მეოცე პაკეტის მიღება იგეგმება 2026 წლის 24 თებერვალს. გამოცემა Euractiv-ი იუწყებოდა, რომ შესაძლო ზომებს შორისაა აკრძალვა რუსეთის ნავთობის ტანკერების მომსახურებაზე, რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტზე, ასევე ევროკავშირის კვოტების შემცირება რუსეთის სასუქის იმპორტზე. ამ ინიციატივებით გამოვიდნენ ფინეთი და შვედეთი.

სანქციათა წინა, მეცხრამეტე პაკეტი ევროკავშირმა 2025 წლის ოქტომბერში დაამტკიცა. ის მიემრათებოდა რუსეთისთვის ენერგეტიკიდან მიღებული მოგების შემცირებას, ფინანსური ზეწოლის გაძლიერებას და მესამე ქვეყნების მეშვეობით შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის კონტროლს.

ასევე ნახეთ საფრანგეთი გაათავისუფლებს რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერს