სუსის სასწავლო ცენტრი აკადემიად გადაკეთდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ მათი სასწავლო ცენტრი „რეფორმის ფარგლებში“ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა.

სოციალურ ქსელში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ოფიციალურმა გვერდმა უკვე შეიცვალა სახელი და მას „სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია“ ეწოდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი 2020 წელს გაიხსნა.

სუსში აცხადებენ, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ, აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს.

მათივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის საფუძველზე.

სუსი იტყობინება, რომ აკადემიაში სწავლა უფასო იქნება:

„პროგრამა მოიცავს როგორც ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტებს, ასევე ფიზიკური, საცეცხლე და ფსიქოლოგიური მომზადების საკითხებს“, - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ გასული წლის ოქტომბერში წარუდგინა სუსის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი მალხაზ ჩიტაია. როგორც აკადემიის სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეორგოლიდან ირკვევა ის იქნება აკადემიის რექტორიც.

სუსის სასწავლო ცენტრი მსურველებს სხვადასხვა სასერტიფიკატო კურსებს სთავაზობდა. ასევე ახორციელებდა პროექტს „უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლა“. როგორც სასწავლო ცენტრის ფეისბუკის გვერდი იტყობინებოდა, პროექტის მიზანი იყო „მსმენელებისთვის პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ“.